13-03-2020
"სახელმწიფო ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ.
„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს - 1-ელ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს, ოთხი თვის განმავლობაში - მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი - ამ სექტორში დამატებით დატოვებს 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.