15-03-2018
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს "განძა+“ და „ულეველას" ჯამში 1600 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვრი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
ნინოწმინდასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში “განძა+“ და „ულეველა" გაერთიანებულია ჯამში 87 ადგილობრივი რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 900-ზე მეტ ფურს შეადგენს.
სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს გრძელდება, პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან ჩართულია 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მათ შორის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უკვე გადაეცა ჯამში 4900 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად ათვისება და მესაქონლეობის დარგის განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გზით.
16-11-2024
16-11-2024