18-03-2020
პოლიტიკა არის პროცესი, არ შეიძლება, პოლიტიკაში ვიღაც იყოს გამარჯვებული, ვიღაც - დამარცხებული; პოლიტიკა საერთოდ არის მაქსიმალური შედეგის მიღების ხელოვნება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მოკლევადიან პროცესში, შეუძლებელია შეაფასო, ვინ დარჩა მოგებული, ან წაგებული და ამას გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა და ხმას მისცემს ან „ქართულ ოცნებას“, ან ვინმე სხვას.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის კრიტიკას. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ თვლი, რომ კრიტიკა მომდინარეობს შენი პარტნიორებისგან, ამაში ცუდი არაფერია.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიტიკა რაც უფრო მკაცრი იქნება, თუ ის სამართლიანია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ ყველა უსამართლო კრიტიკაზე ასევე მკაცრი პასუხი გვექნება. პოლიტიკაში ერთმნიშვნელოვანი შეფასებები არ არსებობს. მაგალითად, უაღრესად უსამართლო იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების რაღაც შეზღუდვები არსებობს, იყო რაღაც კრიტიკის მომენტები, რომელიც გასათვალისწინებელი იყო და რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციის შედეგად, შედგა ის კონსენსუსი, რომელსაც მივაღწიეთ. პოლიტიკა ხომ სხვა სფეროა, სხვა ხელოვნებაა. პროპორციული სისტემა ჩვენი პოლიტიკური ველიდან გამომდინარე იყო მისასალმებელი და ამას ყოველთვის ვემხრობოდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი გუნდის გარკვეული წევრების აზრის შედეგად, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც იყო გუშინ, არ მაინტერესებს, მთავარი არის ის, რაც იქნება ხვალ. დღეს ჩვენ გვაქვს ასე თუ ისე დაბალანსებული სისტემა, რომელიც, რაც მთავარია, მიღწეულია კონსენსუსით და ვისაუბროთ იმაზე, რა იქნება ხვალ. ეს პროცესი მარტივი არ იყო, მაგრამ პარტნიორები იმისთვის არსებობენ, დაგიდგნენ გვერდით მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რთული პროცესები. ისინი ჩვენ გვერდით დაგვიდგნენ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნებაა“ გამარჯვებული, თუ ოპოზიცია; საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პროცესით უნდა გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქემ.
„რეალურად, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ყალიბდება სახელმწიფო. ჩვენ გავდივართ მტკივნეულ პროცესს, როგორ ჩამოვყალიბდეთ ქვეყნიდან, სტრუქტურირებულ ეფექტურ სახელმწიფოდ. ამ პროცესში ბევრი გამოწვევა, ბევრი დაპირისპირება იქნება, პოლარიზაციის ხან მაღალი და ხან დაბალი ხარისხი იქნება. ეს ყველაფერი არის გამოწვევები, რომელზე პასუხითაც სახელმწიფო გარკვეულ იმუნიტეტს, გამოცდილებას იძენს. ქართული დემოკრატიის ისტორიაში მსგავსი გამოწვევების ასეთი სახით, ასეთი კონსენსუსებით გადალახვის გამოცდილება არ არსებობს. ესეც გარკვეული გამოცდილებაა. პოლიტიკა ჩვეულებრივი დიალექტიკაა. არის მმართველი ძალა, არის ოპოზიცია, მაგრამ ამ დიალექტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საბოლოო ჯამში გამარჯვებული არ დარჩა მოქალაქე. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ამ პროცესში ჩვენ პროგრესი ვაჩვენოთ, რასაც ვაჩვენებთ. მერწმუნეთ, ვინ მოგებულია და ვინ წაგებული, ან ვინ უფრო მეტი მოიგო ან წააგო, ეს ჩვენი მოქალაქის გადასაწყვეტია და ამას არჩევნები გვიჩვენებს სულ მალე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.