გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
"ევროპაში ჯერ კიდევ გამყინვარება იყო, როცა ჭიათურაში ხალხი ცხოვრობდა"

24-12-2017

"დღეისათვის ჭიათურაში შესწავლილი 113 მღვიმიდან ყველაზე გრძელი კილომეტრს აღწევს, ხოლო ყველაზე ღრმა 100-მეტრიანია"

ჭინკების ადგილები! - ბევრი ჭიათურელი სწორედ ასე ეძახდა ქალაქის მღვიმეებს, რადგანაც მათი ბებია-ბაბუებისგან სულ ის ესმოდათ, საჭინკიას, საძრახიას, საქაჯიას გამოქვაბულში ნუ დაძვრებით, ჭინკებით არის სავსეო. რასაკვირველია, მაშინ აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ ოდესმე ეს მღვიმეები ქალაქის სიმდიდრედ იქცეოდა - ჭითურაში სიმდიდრედ მანგანუმი ითვლებოდა. შეიძლება ამიტომაც არავის მოსდიოდა აზრად, რომ ჭიათურის კლდეებში მღვიმეების სახით განძი ინახებოდა, რომლის მხოლოდ დათვალიერება შეიძლება და არა მანგანუმივით ქალაქიდან გატანა. მაგრამ დროს ყველაფერი თუ
მიაქვს, მოაქვს კიდეც და ჭიათურაში ერთი "ბიჭი" გამოჩნდა, რომლის მიზანი მსოფლიოში ამ მღიმეების სახელის გატანა გახდა. მით უფრო, რომ არ მოიძებნება ისეთი ქალაქი, სადაც იმდენი ჰორიზონტალური მღვიმე იყოს, რამდენიც ჭიათურაშია.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დოქტორმა გიორგი დვალიშვილმა 20 წლის განმავლობაში ჭიათურაში რამდენიმე ათეული მღვიმე შეისწავლა. ის სწორედ ის ბიჭია, ვინც წლების წინათ საჭინკიას გამოქვაბულებში თანატოლებთან ერთად დაძვრებოდა.

გიორგი დვალიშვილი: - ჭიათურის მღვიმეები ძირითადად პირველ ადამიანთა ნამოსახლარია, თუმცა მათ შორის ბევრია ისეთიც, სადაც დღემდე ადამიანს ფეხი არ დაუდგამს - მეტად ვიწრო შესასვლელი აქვთ და ვერ შევიდოდნენ.

დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ აქ ზღვა იყო და სწორედ ამ ადგილას ქმნი და დანალექ ქანებს. ქანების ნაპრალები ზღვის წყლისაგან ირეცხებოდა და გამორეცხვის ადგილზე გამოქვაბულები ჩნდებოდა. როცა ზღვამ უკან დაიხია, ეს ქანები-კლდეები გამოქვაბულებიანად ნაპირზე დარჩა. ჭიათურა ერთ-ერთი პირველი იყო მთელ კავკასიაში, რომელიც ზღვამ გაათავისუფლა და საცხოვრებლად იქცა. ჭიათურის სოფელ ვაჭევში 300 000 წლის წინანდელი ადამიანის ნაშთია აღმოჩენილი. ათასეული წლის ნაშთები გამოქვაბულებში დღესაც ჩანს, მათ შორის, ცეცხლის კვალიც კი.

- სწორედ ჭიათურის გამოქვაბულშია აღმოჩენილი 34 000 წლის წინანდელი საკერავი ნემსი და ძაფის ბოჭკოები.

- ამ აღმოჩენამ, ხუმრობით რომ ვთქვათ, ჭიათურა პირველ "ტანსაცმლის მწარმოებლად" აქცია მსოფლიოში, მანამდე ამ ადგილს ჩეხეთი იკავებდა.

- წარმომიდგენია, როგორ ჩამოდიოდნენ პირველი ადამიანები და ჭიათურის გამოქვაბულებში სახლდებოდნენ. ყველაზე მეტი გამოქვაბული ამ ქალაქშია და ცხადია, გამყინვარებისას ყველა აქეთ მოაშურებდა.

- მართლაც ასე იყო. როცა ევროპაში ჯერ კიდევ გამყინვარება იყო, მაშინ ჭიათურაში უკვე ხალხი ცხოვრობდა. მეტიც, მეცნიერულად არის შესწავლილი, რომ პირველი ევროპელები, მას მერე, რაც ევროპაში ყინული გადნა, შესაძლოა, იქ ჭიათურიდანაც წავიდნენ. ადამიანი გონიერი არსებაა და იმ გამოქვაბულში არ დასახლდებოდნენ, რომელშიც მდინარე გადიოდა და შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონდა, მხოლოდ ისეთში იდებდნენ ბინას, რომლის შესასვლელს მზე სამხრეთიდან ანათებდა და ათბობდა. რაც შეეხება მდინარეს, ის საფრთხეს წარმოადგენდა - წვიმის წყალს შეიძლება მღვიმე ისე ამოევსო, რომ ვეღარც გამოსულიყვნენ. როგორც ყველაფერს, მღვიმის წყალსაც ბუნება არეგულირებს. მაგალითად, სოფელ სვერის მღვიმის შესწავლისას, რომ გაგვეგო, სად მიდიოდა, წყალში უვნებელი მწვანე საღებავი ჩავასხით. ათი დღის შემდეგ, როგორც კი წვიმა მოვიდა, მანდაეთის გამოქვაბულთან მდებარე სოფლის ჭები და წყაროები მწვანედ შეიღება და შეშინებულმა ხალხმა შემოგვჩივლა, რა ხდებაო. იმის დასამტკიცებლად, რომ წყალი არავის ავნებდა, თავად დავლიე, მაგრამ სოფელმა ისიც გაიგო, რომ როცა ბუნებას ნაგვით მიადგები, მას უკან გამოგიგზავნის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთელი სოფელი ნაგავს იქვე ახლოს "დათას ჭად" ცნობილ ორმოში ყრიდა და ფიქრობდა, რომ არავის არაფერს ვნებდა. ამასობაში კი "დათას ჭა" შევისწავლეთ და 40 მეტრი სიღრმის გამოქვაბულის შესასვლელი აღმოჩნდა. იმ ჭიდან 25 ტომარა ნაგავი ამოვიღეთ და მხოლოდ მერე დავადგინეთ, რომ უნიკალური და ულამაზესი სვერის მღვიმის ერთ-ერთი ამოსასვლელია. დღეისათვის ჭიათურაში შესწავლილი 113 მღვიმიდან ყველაზე გრძელი კილომეტრს აღწევს, ხოლო ყველაზე ღრმა 120-მეტრიანია. დასანანია, რომ 50-იან წლებში შესწავლილი ჭიათურის ორი ულამაზესი მღვიმიდან ერთ-ერთი მანგანუმის მოპოვებას შეეწირა.

- ჭინკებსა და ქაჯებზე რაღას იტყვით?

- ჭინკები და ქაჯები ძალიან იდუმალს ხდიდნენ ჩვენს ბავშვობას, მაგრამ ათეული წლებია მღვიმეებს ვიკვლევ და რომ არ მინახავს?! სამაგიეროდ, მინახავს სტალაქტიდებზე ჩამოკიდებული ღამურები. იმდენი ღამურა, რამდენიც ჭიათურაშია, მთელ ევროპაში არ იქნება. მათ საკვლევად გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მკვლევარი, რომელმაც დანანებით თქვა, გერმანიაში ღამურა გადაშენებულიაო.

მღვიმეებში ტემპერატურა მუდამ პლუს 13-14 გრადუსია და ცხადია, ღამურები თავს კარგად გრძნობენ.

- მანგანუმი განლევადი სიმდიდრეა, მაგრამ გამოქვაბულები მუდამ დარჩება.

- რასაკვირველია. ჩვენი მღვიმეები კეთილმოწყობას საჭიროებს, ის ხომ საოცრად ავსებს ადამიანს ენერგიით. რომ შევდივართ, ჯერ სიჩუმეს ვუსმენთ. მერე ისევ საკვლევად მივდივართ იმ უსაზღვრო სილამაზეში, რომელიც განგებამ ამ ქალაქს და ჩვენც, ყველას, გვაჩუქა!





kvirispalitra.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930