21-03-2020
აპროლის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვასთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.
რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ლიბერთი ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.
ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.
პროგრამის შესახებ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა და თუ როგორ უნდა ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით 70 და მეტი წლის ადამიანებმა ისე რომ მაქსიმალურად შევამციროთ მათი ბანკში მოსვლის საჭიროება, ამის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ორშაბათს, 23 მარტს.
ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას, პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ.
ჩვენ ვიაზრებთ, და ძალიან კარგად გვესმის რომ ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ინფორმაციის მიტანაში და არა მარტო, იმ ადამიანებთან ვისაც ეს პროგრამა ეხება.
ეხლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე.
რისთვისაც, ლიბერთის მთელი გუნდი, განსაკუთრებით წინა ხაზზე მომუშავე ჩვენი გოგოები და ბიჭები, მთელი გულით ვემსახურებით საქართველოს და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბანკში მოსვლის საჭიროება.
მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ ჩვენ, ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით შექმნილ ვითარებას"-ნათქვამია ბანკის განცხადებაში.