გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა სამართალდამცავებს დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების კონტროლი დაავალა

22-03-2020

სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების და უწყებების შესაბამისი სამსახურეობრივი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა შესაბამისი დავალებები.

ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესის და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა, რომ სოციალურ დისტანცირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის შესაბამის დაწესებულებაში იძულებით გადაყვანასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლას და ხაზი გაესვა, რომ გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე; ითქვა, რომ ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების მიმართულებით შეფერხებები არ იქნება და ამ მიმართულებით, მაქსიმალურად გამარტივდება პროცედურები, რათა შეუზღუდავად მოხდეს ტვირთების გადაზიდვა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930