გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მინდა სასტუმროებს გვერდში დგომის თხოვნით მივმართო

22-03-2020

დღეიდან პრაქტიკულად უკვე გადავდივართ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმზე, რაც საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო ზონაში მოხვედრას გულისხმობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, თუ აქამდე კარანტინში ხვდებოდნენ ის მოქალაქეები, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიოდა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კარანტინს გაივლის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა.

ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის სტრატეგია ეფუძნება ძლიერ პრევენციას და ამით ვართ წარმატებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება და საკარანტინე ზონების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდება.

„დღეს ჩვენ სამი ათას ადამიანამდე გვყავს ერთდროულად მოთავსებული სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. თუმცა, ხვალიდან საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაიზრდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ ვინაიდან სასტუმროების საჭიროება რადიკალურად იზრდება, არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებს მივმართოთ. ამიტომ წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმროებს, გაგებით მოეკიდონ ამას. იგულისხმება სივრცეების დათმობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ამისთვის მრავალკვირიან მოლაპარაკებებში დროს ვერ დავკარგავთ. ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, რომ ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი კი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930