23-03-2020
საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნველყოფაზე. აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უკვე ძალაშია შესული გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრი კარანტინის რეჟიმზე და იქ იკრძალება შესვლაც და გამოსვლაც.
„ამ ეტაპისთვის, ადგილზე ვითარება არის დამაკმაყოფილებელი. როგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ასევე, თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტში შესვლას და გამოსვლას. რა თქმა უნდა, ვითარება არის კონტროლის ქვეშ და დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ვისურვებდით, რომ საერთოდ არ მიგვემართა ასეთი ზომებისთვის, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს.
დღეისათვის, ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტები, რომელიც აუცილებელია და არის კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა, როგორც სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო სერვისებზე და რა თქმა უნდა, საბანკო სერვისებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გადაწყვეტას, მაგრამ დღის განმავლობაში ეს საკითხები მოგვარდება.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც განაგრძობენ მუშაობას.
„თუმცა, ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია, რომელიც საჭიროა იმ ობიექტებისთვის, რომელიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ვგულისხმობ, ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულ ობიექტებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ბატონ სოზარ სუბარს.
„ის არის ყოველდღიურ და ყოველწუთიერ კონტაქტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენ სრულად ვფლობთ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინიც სრულად იღებენ დავალებებსა და გადაწყვეტილებებს.
ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობას იმისთვის, რომ მოხდეს სრულად ინფორმირება მთლიანად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, იმ ვითარების შესახებ, რა ვითარებაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებობს. ასევე, ისინი შეისწავლიან იქ არსებულ, ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა იმ ობიექტის, იმ ადამიანის, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე წუხილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ყველაფერი იყოს დროზე გამოკვლეული. თქვენ იცით, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ჰოსპიტალური შესაძლებლობები.
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტში არ გადაადგილდება შიგნით არანაირი ტრანსპორტი, არანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ უკვე ვართ მაქსიმალური კონტროლის რეჟიმში და შესაბამისად, კიდევ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.