23-03-2020
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.
ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი. აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და რეგიონში მშვიდი ვითარებაა.
პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს დაავალა, პირადად გააკონტროლონ, რომ მუნიციპალიტეტებში არ იყოს არანაირი შეფერხება სასურსათო მარაგების კუთხით, ასევე რეგიონისთვის საკვები თუ ფარმაცევტული პროდუქციისა და საბანკო მომსახურების მიწოდებაში.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება, თუმცა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში პრობლემები არ ექმნება.
ამასთან, ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია ადგილობრივი ხელისუფლება და ამ პროცესს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი. ადგილობრივ მოსახლეობას, მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია კარანტინის დაცვის წესებისა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე მიეწოდება.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები განსაზღვრავენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების სიას, რომელთა მუშაობა კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, არ შეფერხდება. იმ საწარმოებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, თანამშრომელთა გადაადგილებისა და მუშაობის პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ხოლო პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.
უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სპეციალისტები უახლოეს საათებში უარყოფით პასუხს დამატებით კიდევ 3 პაციენტის ტესტზე ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 3 პაციენტი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 236 პირი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.