25-03-2020
„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება არა მხოლოდ ვერტიკალში ხდებოდეს მართვა, არამედ ჩამოყალიბდეს რეგიონალური მმართველობის ცენტრები, რომელსაც ექნება ჰორიზონტალური განშლადობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, მიწვდომადი იყოს კონკრეტულ ბენეფიციარამდე და ყველას ჰქონდეს თავისი კონკრეტული საპასუხისმგებლო არეალი და პასუხისმგებელი იყოს პროცესების მართვაზე. რეგიონები იქნება რეგიონალურ მართვაში და იქნება გააქტიურებული კომუნიკაცია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელნი იქნებიან ძალოვანი სტრუქტურებიდან რეგიონული სამმართველოს უფროსები, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან ერთად, პასუხისმგებელი იქნება რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით და ასევე, იქნება ჰოსპიტალური სექტორის მართვის კონკრეტული ხელმძღვანელი თითოეული რეგიონის საპასუხისმგებლო არეალში, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და არ ხდებოდეს რეგიონიდან რეგიონში ან რეგიონიდან დედაქალაქში პაციენტის გადმოყვანა, რადგან ამ შემთხვევაში საფრთხე უფრო იზრდება.
„მოქალაქემ აქამდე არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გამოეხატებოდა ტემპერატურული რეაქცია ან ჰქონდა კლინიკური გამოვლინება, ამიტომ რეგიონალურ ჭრილში ჩაშლილი და გაუმჯობესებული იქნება კომუნიკაცია. კონკრეტულ მოქალაქეს ეცოდინება, ასეთ შემთხვევაში სად უნდა დარეკოს. მაშინვე ჩაერთვება ოჯახის ექიმი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუქცია და არის გადამზადებული, მოქალაქე მისგან მიიღებს სატელეფონო კონსულტაციას, თუ საჭირო იქნება მისი კლინიკაში გადაყვანა, შესაბამისი ეკიპირებით მას მიაკითხავს ბრიგადა, აქ იქნება ეპიდემიოლოგიც ჩართული და თუ საჭირო გახდა პაციენტის ჰოსპიტალში მოთავსება იქნება ჰოსპიტალური მიმართულების მართვის ჯგუფი, რომელსაც ეყოლება რეგიონის მიხედვით კონკრეტული ხელმძღვანელობა, რაც პროცესებს დაარეგულირებს და ადგილზე ყველა რეგიონში იქნება კონკრეტული საავადმყოფო, რომელიც იქნება კონკრეტულად ამ სერვისზე ორიენტირებული. მთელი ჰორიზონტალი რეგიონების მასშტაბით იქნება გაშლილი და დარჩება მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ამ მძიმე ვირუსზე გავიმარჯვოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ინფექციის გავრცელების გზებზე და იზოლაციის მნიშვნელობაზე.
„ერთ ადამიანს განუზომელად ბევრი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. რეკომენდაციების არშესრულების მაგალითები გვაქვს მსოფლიოშიც, კონკრეტულ ქვეყნებში სწორედ იმიტომ გართულდა ვითარება, რომ რეკომენდაციები არ იქნა სერიოზულად აღქმული და შესრულებული. შიგნითაც გვაქვს ასეთი მაგალითი, ბოლნისისა და მარნეულის მაგალითზე, როდესაც მოქალაქემ არ შეასრულა რეკომენდაციები და გახდა ძალიან ბევრი ადამიანის დაინფიცირების წყარო. დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს მასიური დაინფიცირიება, რისი რეალური რისკიც არსებობს. ჩვენ შეკავების ფაზიდან გადავედით პრე-კრიზისულ ფაზაში და მთელი აპრილის პერიოდი, სამწუხაროდ, იქნება გამწვავებული და ზემაღალი რისკის შემცველი, იქნება დადასტურებული და დაუდასტურებელი შემთხვევებიც, რაც გავრცელების მეტ საფრთხეს ქმნის, ამიტომ მოვერიდოთ ერთმანეთს და დავრჩეთ სახლში, თუ გარეთ გასვლის გადაუდებელი საჭიროება არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.