26-03-2020
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად აქტიურად არის ჩართული საპრევენციო ღონისძიებებში.
სამხედრო პოლიციელები მარნეულის საავიაციო ბაზას, მიმდებარე ტერიტორიასა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს რეგულარულად აკონტროლებენ. ისინი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადაადგილებას მკაცრად ამოწმებენ. მონიტორინგის პროცესში გამოიყენება უახლესი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხორციელდება ტერიტორიის „დრონით“ შესწავლა. სისტემატურად მოწმდება ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქალაქის მცხოვრებ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკაცრად კონტროლდება მათი ტერიტორიაზე გადაადგილება.
სამხედრო პოლიციის საქმიანობის დეტალური ანგარიშის განხილვა მარნეულის საავიაციო ბაზაზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ მოწყობილ შტაბში ყოველდღიურად ხდება.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.