27-03-2020
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხავს. ხახუბია მოუწოდებს ბიზნესსექტორს, ვისაც რესურში გააჩნია, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ატიურად ჩაერთონ.
აღნიშნული მიმართვა ირაკლი ხახუბიამ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„მოგესალმებით! მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და კომპანია „აისბერგ 2“-ის ერთ - ერთმა დამფუძნებელმა და გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.
მოგეხსენებათ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული.
პანდემიას, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები ეფექტიანად უმკლავდებიან. იმ პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა, მაქსიმალურად შეანელა ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპები.
დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სულისკვეთება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ დაფუძნების დღიდან, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა არა ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით კომპანიამ დააფინანსა, სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივები.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში-ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი.
მინდა, მოვუწოდო ბიზნეს კომპანიებს, ყველას, ვისაც ამისი რესურსი გააჩნია, ჩაერთონ ამ საერთო საქმეში.
მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ხახუბიამ.