გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: ჩვენ შევძელით და სრულყოფილი კონსტიტუცია შევიმუშავეთ, რაც ქვეყნის დემოკრატიუ განვითარებას უზრუნველყოფს

17-03-2018

„უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს საბოლოო მოსმენით უყრის კენჭს და მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, კონსტრუქციული ჩართულობითა და თქვენი კომისიის მხარდაჭერით, შევძელით კონსტიტუციის სრულყოფილი ტექსტის შემუშავება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, მდივანსა და აპარატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რეფორმის მიზანი საკონსტიტუციო სისტემის კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა იყო, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობდა ხელს.


„იმის ფონზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 2010 წელს მხოლოდ ნაწილობრივ გადავიდა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება თანხმდებოდა, რომ საჭირო იყო კონსტიტუციის დახვეწა, ხელისუფლების შტოების ძალაუფლებათა და პასუხისმგებლობის უკეთ გამიჯვნა და რომ კომპეტენციების აღრევა ზოგჯერ პრაქტიკულ სირთულეებს იწვევდა“,- განაცხადათამარ ხულორდავამ.


მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რეფორმის ამბიციური გეგმა შემუშავდა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის ქვაკუთხედი რეფორმის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული ექსპერტიზის ღირებულებისა და მნიშვნელობის საჯაროდ აღიარება გახდა.


„კონსტიტუციური რეფორმის გატარების გარკვეული წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ სრულიად ამბიციური კონსტიტუციური რეფორმის გეგმა შევიმუშავეთ და სახელმწიფოსაკონსტიტუციო კომისიის ინტენსიური საქმიანობის შედეგად, რომელიც საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობდა, კონსტიტუციური კანონის პროექტი წარმოვადგინეთ. მიმაჩნია, რომ რეფორმის დასაწყისშივე, პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული ექსპერტიზის მნიშვნელობისა და ღირებულების საჯაროდ აღიარება გახლდათ ამ პროცესის ერთი-ერთი ქვაკუთხედი. მან განაცხადა, რომ არცერთი ისეთი ცვლილება არ შევიდოდა კონსტიტუციის პროექტში, რომელსაც ექნებოდა ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება. ჩვენ დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ეს ამბიციური განაცხადი სრულად არის შესრულებული“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.


გამოსვლისას, დეპუტატმა ყურადღება იმ ფუნდამენტურ ცვლილებაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტი მეტად წარმომადგენლობითი და პლურალისტური ხდება.


„ცვლილებებით, ჩვენ საბოლოოდ ვემშვიდობებით იმ სისტემას, რომელიც წინა წლების განმავლობაში მუდმივად ქმნიდა საქართველოს პარლამენტში ერთი პარტიის დომინირების შესაძლებლობას. ამიტომაც, მნიშვნელოვანია შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ზუსტად ამ ერთპარტიული დომინირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტი ვერ გახდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის მთავარი მოთამაშე. თუმცა, კონსტიტუციური ცვლილებებით პარლამენტი მეტად წარმომადგენლობითი და პლურალისტული ხდება და მისი უფლებამოსილებები და როლი მნიშვნელოვნად იზრდება. მიუხედავად შიდა გამოწვევებისა და აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ სრულიად გაგვეუქმებინა თუნდაც ის შეზღუდული უპირატესობა - ბონუს სახით, რომელიც თავდაპირველად შემუშავებული იყო გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.


საქართველოს პარლამენტმა, გაითვალისწინა რა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, შეცვალა გაუნაწილებელი მანდატების განაწილების თავდაპირველი სისტემა და დაამკვიდრა თანმიმდევრული განაწილების სისტემა, რომელიც ვრცელდება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ისეთი ქვეყნისათვის, სადაც ჯერ ისევ შეიმჩნევა დანაწევრებული და პოლარიზებული პოლიტიკური ველი, ეს ძალიან გაბედული და მკვეთრი ნაბიჯი იყო სწორი მიმართულებით, საპარლამენტო პლურალიზმის და პოლიტიკური კულტურის განვითარების მიმართულებით, რაც პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობას მოითხოვს“, - განმარტა თამარ ხულორდავამ.


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თამარ ხულორდავას განცხადებით, ის სისტემა, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება ევროპის საუკეთესო ტრადიციებსა და კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს სრულად შეესაბამება.


„ჩვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შევამცირეთ საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე და ასევე დავუშვით არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა. ამით, ჩვენ ვუქმნით მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს საპარლამენტო პლურალიზმს და მე სიხარულით აღვნიშნავ, რომ ვენეციის კომისიამ ეს ნაბიჯები შეაფასა, როგორც ეფექტური საშუალება პარლამენტში პლურალიზმისა და მცირე პარტიების წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის.


იმის მიუხედავად, რომ დასანანია, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ის სისტემა, რომელიცჩვენ გვაქვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულად შეესაბამება ევროპის საუკეთესო ტრადიციებსა და კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის არჩევანი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, თუმცა ორივე ლეგიტიმურია, რადგან ამ კომისიის მრავალ წევრ ქვეყანას სწორედ ასეთი სისტემა აქვს.


ვენეციის კომისიასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელიც შედგა ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017 წლის ოქტომბერში, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ დავდეთ პირობა, მიგვეღო დამატებითი ცვლილებები. კერძოდ ეს ეხებოდა ბონუსის სისტემის გაუქმებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების დაშვებას, რწმენის, სინდისისა და აღმსარებლობის თაობაზე მუხლის ფორმულირების ცვლილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთხმად მიღების გაუქმებას. ყველა ეს პირობა ზედმიწევნით არის შესრულებული და ეს სათანადოდ არის ასახული ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაში.
და ბოლოს, ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტის დასასრულთან. უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტი საბოლოო მოსმენით კენჭს უყრის კონსტიტუციის პროექტს და მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, კონსტრუქციული ჩართულობითა და თქვენი კომისიის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით კონსტიტუციის დახვეწილი ტექსტის შემუშავება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას იმ სისტემის ჩამოყალიბების გზით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებთან“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ ხულორდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031