30-03-2020
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.
ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.
საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის.
"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას"-აცხადებენ შსს-ში.