გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთი ეპიდაფეთქების მეორე ტალღის მოლოდინშია, აშშ კი პიკს 2 კვირაში ვარაუდობს - მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

30-03-2020

ამერიკისა და იტალიის შემდეგ დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მალე ჩინეთს გაუსწრებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 821 მოქალაქე დაიღუპა, 6 ათასზე მეტი პირი კი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 ათას 800-ს აჭარბებს. ქვეყნის მასშტაბით დაავადებას 80 ათასზე მეტი პაციენტი ებრძვის. კორონავირუსით ინფიცირებული ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო კი მექსიკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საგანგაშო ვითარებაა იტალიაშიც, აქ გარდაცვალების 750-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების შემთხვევები კი 97 ათასს აჭარბებს. ქვეყანაში 13 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე დაამარცხა ვირუსი.

19 ათასს გადასცდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დიდ ბრიტანეთში. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ კი 1228-ს მიაღწია. ბრიტანეთში არ გამორიცხავენ, საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი კიდევ 6 თვე გაგრძელდეს.

რთული მდგომარეობაა, ასევე, საფრანგეთსა და გერმანიაში. საფრანგეთი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გერმანიაში გადაყვანას განაგრძობს. აქ ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს გადასცდა. გერმანიაში კი დაავადებულთა რიცხვი თითქმის 63 ათასია.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში, ჰესეს შტატის ფინანსთა მინისტრმა, თომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის ცხედარს ჰოკჰემის რკინიგზის სადგურზე მიაკვლიეს. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო პოლიტიკოსის ვინაობის დადგენა იმთავითვე ვერ მოხერხდა. 54 წლის პოლიტიკოსი გერმანიის ფინანსური ცენტრის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იკავებდა. მედიის ცნობით, შეფერი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად და კომპანიების დასახმარებლად თავდაუზოგავად მუშაობდა. კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ პოლიტიკოსზე დიდი გავლენა მოახდინა. მის თვითმკვლელობას სწორედ აღნიშნულ ვითარებას უკავშირებენ.

კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობით ისევ ლიდერობს შეერთებული შტატები, სადაც ვირუსი 142 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. COVID-19 მა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში 2 488 ადამიანი იმსხვერპლა. შტატებში ზომები სულ უფრო მკაცრდება, სოციალური დისტანციის წესების დარღვევის შემთხვევაში ქალაქ ნიუ-იორკის მოსახლეობას საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ვირუსის პიკი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დადგება, რა დროსაც გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს - ბოლო მონაცემებით, თურქეთში ვირუსს 131, რუსეთში 8, აზერბაიჯანში 4, სომხეთში კი 3 ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთში ინფიცირებულთა შორის არიან სამხედროები და ექიმებიც. რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში კარანტინი ნაწილობრივ გამოაცხადა. ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში კი საყოველთაო კარანტინია. მოსკოველებს საცხოვრებლის დატოვება მხოლოდ სამედიცინო დახმარების, სამსახურში წასვლის, უახლოეს მაღაზიაში სურსათის ყიდვის, ნაგვის გადაყრის მიზნით შეეძლებათ.

ასევე, დღეიდან რუსეთში მიმდინარე ერთი კვირა უქმედ გამოცხადდა. მთავრობამ მოსახლეობას შინ ყოფნისკენ მოუწოდა. რუსეთს გაუქმებულია აქვს საერთაშორისო ფრენებ . დაკეტილი აქვს საზღვრები, მოსკოვსა და ზოგიერთ რეგიონში დაიხურა მაღაზიები და გასართობი ცენტრები. დაიხურა შავი ზღვის კურორტები. 

ერთადერთი ქვეყანა სადაც ინფიცირების კლების ტენდენციაა შენარჩუნებული, ეს ჩინეთია. ქვეყნა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა . აქედან 1 შიდა გადაცემის შემთხვევა იყო. თუმცა ჩინეთი მეორე ტალღის მოლოდინშია  -ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ეპიდაფეთექება, შესაძლოა იმპორტირებულმა შემთხვევებმა გამოიწვიოს. ამის გამო ჩინეთის მთავრობამ საერთაშორისო ფრენები გააუქმა და უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 723 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია 34 ათასამდე ადამიანი. ვირუსი თითქმის 152 ათასამდე ადამიანმა დაამარცხა.

სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ტვიტები წაშალა. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ქვეყნის ლიდერმა გაავრცელა, აცხადებს, რომ თუ ქვეყნის 60-70% დაინფიცირდება კორონავირუსით, მაშინ მოსახლეობას იმუნიტეტი ექნება. ბოლსონარომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კარანტინის დაწესება არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ვირუსით ზოგიერთი ადამიანი მოკვდება და ეს ნორმალურია, რადგან "ასეთია ცხოვრება". ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს კი მან აღნიშნა, რომ ვერ გაუგია, რატომ არ უნდა დადიოდნენ ბავშვები სკოლაში, მაშინ, როცა კორონავირუსი საფრთხეს მოხუცებისთვის წარმოადგენს. ბრაზილიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 4 ათასს გადააჭარბა. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930