31-03-2020
ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
პრემიერის მრჩეველმა ზარების დაყოვნებისთვის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით .
„როგორც იცით ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი, რომელიც არის 144. გამოცხადების შემდეგ ზარების ძალიან დიდი ოდენობა შემოვიდა, რის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან დაყოვნება, ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს. ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, სრულად იყვნენ ინფორმირებული იმ საკითხებზე რა შეზღუდვებიც ამოქმედებულია,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.