1-04-2020
მინდა, დამატებით ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ ინიციატივასთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც იყო გაჟღერებული "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა გარკვეული პერიოდის წინ წარმოდგენილ მილიარდ ორასი მილიონი ლარის ღირებულების ჯამური პაკეტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის ითვალისწინებდა, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გაწეულ მხარდაჭერას, ასევე ბიზნესზე ორიენტირებულ ზომებს.
"ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე გახსოვთ, რომ მცირე ზომის სასტუმროებისთვის, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტო იმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე, ჰქონდა პრობლემა და 38-მა ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც იყო შეთავაზებული მილიარდ ორასი მილიონი ლარის პაკეტის ფარგლებში, იყო დღგ-ს დამატებითი ღირებულების გადასახადით უფრო სწრაფი დაბრუნება და ამ მიმართულებით, ჩვენ ექვსასი მილიონი ლარის დამატებით ბიზნესისთვის დაბრუნებას ვთავაზობდით და გვქონდა ჩვენს გუნდს გადაწყვეტილი იმისთვის, რომ ჩვენ ბიზნესისთვის მიგვეცა საშუალება, რომ ჰქონოდათ მეტი თანხა, მეტი შემოსავალი, რათა მათ, ყველა ამ ზომის შედეგად, რომელიც უკვე იქნა შეთავაზებული ბიზნესისთვის, ჰქონოდათ საშუალება, შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, თავისი ბიზნესი. თუმცა, ჩვენ მაშინაც, როდესაც ეს პაკეტი ჩვენი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას დამატებით საკომპენსაციო ზომებზე, ისევე, როგორც ვაგრძელებდით მუშაობას იმ დამატებით პაკეტზე, რომელიც იქნებოდა შეთავაზებული ბიზნესისთვის", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.