2-04-2020
რომ შევადაროთ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობით იგივეა, რაც საქართველო, ნახავთ, რომ მათ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრით, ორი თვით დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველივე ეტაპზე ხელისუფლებამ მოუსმინა პროფესიონალებს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და გააკეთა დასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს არსებულ ვითარებაში გააჩნდა, იყო მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
„ჩვენ უბრალოდ, პირველივე ეტაპზე პროფესიონალებს მოვუსმინეთ, მოვუსმინეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს. მივხვდით, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველის ახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეზღუდა ფრენები ჩინეთთან, შემდგომ, თანმიმდევრულად ირანიდან და იტალიიდან. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეაჩერა სწავლის პროცესი სკოლებში. ასევე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც დააწესა საყოველთაო თერმოსკრინინგი საზღვრებზე. არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო საზღვრებზე. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც გამოყო სპეციალური სტაციონარები, რომლებმაც მიიღეს ადამიანები პირველივე ცხელების სიმპტომებით. ეს ყველაფერი კეთდებოდა თანმიმდევრულად და ჩვენ უბრალოდ დროს არ ვკარგავდით, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ ეფექტურობაზე, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ღონისძიებების გატარებაში ვიქნებით უფრო ეფექტურები, ჩვენი ნაბიჯები იქნება ხარისხიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ჩამოფრენის დროს არ ეუბნებოდნენ სიმართლეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე იღებდნენ სპეციალურ პრეპარატებს იმისთვის, რომ ტემპერატურა დაეგდოთ.
„ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გამოფრენის ლოკაციას იცვლიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ჩამოფრინდებოდნენ რომიდან, კონტროლის ერთი ხარისხი იყო და სხვა ქალაქიდან მეორე ხარისხი. ეს არის ის, რაც ალბათ შეიძლებოდა, უკეთესად გაგვეკეთებინა. ყველამ გავითვალისწინოთ ერთი რამ - ეს არის ბრძოლა, რომლის ზუსტი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ, მსოფლიოში არ იცის არავინ. დღეს ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, ვერ შეგიქმნით მოდელს, რა შეიძლება მოხდეს ხვალ და ზეგ. ეს არის ბრძოლა და გამოწვევა, რომლის მსგავსიც არ გვქონია. რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება ვთქვათ გუშინდელ დღეზე, რომ შეიძლება ვყოფილიყავით ეფექტურები, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ სწრაფ ზომებს, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ შედეგი იქნება ისეთი, როგორც ჩვენ დღეს ვგეგმავთ.
როდესაც ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი კომენდატის საათი და კონკრეტული შეზღუდვები მობილობასთან დაკავშრებით, ეს მაინც არ არის სრული გარანტია იმისა, რომ ხვალ ჩვენ ამ ვირუსის გავრცელების გარკვეული მძიმე ციფრები არ გვექნება. დღეს არ არსებობს არცერთი მეცნიერულად და აკადემიურად დამტკიცებული პრაქტიკა, ფორმულა, რა ფორმულითაც შეიძლება ამ პანდემიას ებრძოლო. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ერთად და პასუხისმგებლობა გავინაწილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.