2-04-2020
„დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამით, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგვემარაგებინა საქართველოში წარმოებული პირბადეებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა. აღნიშნული დეფიციტური პროდუქციის წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.
ასევე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს საქართველოში წარმოებული პირბადეების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პირბადეები წარმოადგენს დეფიციტურ პროდუქტს. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალიან ოპერატიულად გაუწია ორგანიზება პირბადეების ადგილობრივი წარმოების ამოქმედებას. პირბადეები მზადდება დოლბანდისგან, ხოლო დამზადების ტექნოლოგია შეთანხმებული და დამტკიცებულია დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაცილებით აჭარბებს მოწოდებას ბაზარზე, ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში. საუბარია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.