გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Middle East Institute: კორონავირუსი ალბათ მთელი შავი ზღვისპირეთისთვის ძალიან მოკლე პერიოდში იქნება გამანადგურებელი

2-04-2020

დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ახალი კორონავირუსი ალბათ მთელ შავი ზღვისპირეთისთვისაც დროის ძალიან მოკლე პერიოდში იქნება გამანადგურებელი. ამის შესახებ Middle East Institute- ის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც რეგიონზე კორონავირუსის გავლენებს ეხება.
იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდაფეთქების პიკური ნიშნული აპრილში ან მაისშია პროგნოზირებული, არადა ზოგიერთის ვარაუდით პანდემია ორ წელს გასტანს და მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 60-70 პროცენტს გადაედება, რთულია, იმის წარმოდგენა, თუ რა შესაძლო შედეგებს იქონიებს ის ამ რეგიონში.
ეპიდაფეთქებამდე შავი ზღვის რეგიონი ისედაც რამდენიმე სამხედრო და დიპლომატიურ კრიზისებს იყო შეჭიდული. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ეომებიან. თურქეთი და რუსეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციებს ახორციელებენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გააჩნია, შექმნილ სიტუაციაში მათი მოსაზრებები განსხვავებულია.
რუსეთის მხრიდან კონტროლის სფეროებზე გაჩაღებულმა ომმა უკრაინასთან და ყირიმის ანექსიამ დიპლომატიური დაძაბულობა გაზარდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან: რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან.
ამასობაში, თურქეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დაპირებული ფინანსური დახმარების შესახებ და ეს ყველაფერი ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის ფონზე ხდება“, - წერს ავტორი.
მისივე თანახმად, რადგან ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროპას მოიცავს, რუმინეთი NATO-ს და ევროკავშირის ყველაზე მოწყვლად წევრ სახელმწიფოებს შორის ექცევა. „
„ეს პოზიცია ორ ძირითად დონეზე იკვეთება. პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მყიფეა. მეორე კი ის არის, რომ რუმინეთის დიდი დიასპორა ცხოვრობს ევროპაში და ძირითადად ინფექციით ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში - იტალიასა და ესპანეთში.
დროის მოკლე პერიოდში კორონავირუსით საავადმყოფოების გადატვირთვის რისკის ქვეშ ყველა ქვეყანა ექცევა, თუმცა რუმინეთი განსაკუთრებით მოწყვლადია ამ მხრივ.
ბუქარესტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად დაახლოებით 5 პროცენტს გამოჰყოფს ჯანდაცვის სისტემისთვის.
ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან (9.8%) შედარებით ან ბულგარეთთან კონტრასტულად, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა უფრო დაბალია და ეკონომიკის მასშტაბებიც უფრო მცირეა - სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშპ წილობრივად 8.2% გამოიყოფა ჯანდაცვის სისტემისთვის.
ამდენად, სასიხარულოა იმის ხილვა, რომ რუმინეთის მთავრობა მისი რესურსების დიდ ნაწილს გამოჰყოფს პაციენტების უცაბედი მოზღვავებისგან ჯანდაცვის სისტემის დასაცავად.
ევროპაში მცხოვრები დიდი რუმინული დიასპორაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მთავრობისთვის. იტალიაში 1.2 მილიონი რუმინელი ცხოვრობს და ამით ის ყველაზე დიდი თემია დასავლეთ ევროპაში. ესპანეთში ამჟამად 580 000 რუმინელი ცხოვრობს.
პრეზიდენტი კლაუს იოჰანისის მიმართვა უცხოეთში მცხოვრები რუმინელი ხალხისადმი უპრეცედენტო იყო, რადგან მათ მოუწოდა სააღდგომო დღესასწაულისთვის სამშობლოში არ დაბრუნებულიყვნენ. ასევე, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ეთხოვათ მათ სახლში დაბრუნება, რომლის დროსაც სავარაუდოდ იზოლაციაში ან კარანტინში მოუწევთ დარჩენა.
რთულია რუმინულ საზოგადოებაზე ახალი კორონავირუსის გავლენის შეფასება. ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი, რომლის მასშტაბი რთული გასათვლელია. სამხედრო დანიშნულების ხარჯები მეორე პლანზე გადაიწევს, ხოლო ეკონომიკურ და სოციალურ პრიორიტეტებს მეტი ყურადღება დაეთმობა. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მსგავსად, ეკონომიკურმა უკუსვლამ შეიძლება პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.
პანდემიამდეც ისმოდა მოწოდებები ვადამდელი არჩევნებისკენ. ბევრს მიაჩნია, რომ ამ კრიზისმა ქვეყანა მოკლევადიან პერიოდში პოლიტიკურად დააცხრო, თუმცა რუმინეთი ჯერ კიდევ შორსაა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისგან.
მეორე ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური რეაქცია ელის, თურქეთია. მას ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ახალი კორონავირუსით 13 000 დადასტურებულ ინფიცირებულზე მეტი ჰყავს. თურქეთი განაგრძობს მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობის ლტოლვილის მიღებას, რომელთა რიცხვი 4.1 მილიონს აღწევს და აქედან 3.7 მილიონი სირიელია. ლტოლვილთა კრიზისი სავარაუდოდ კიდევ უფრო გამწვავდება ამ პანდემიის გამო.
როდესაც ევროპაში ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობასა და კრიზისების მართვის უნარს დიდი გამოცდა ელის.
ეს ხდება ევროკავშირთან მზარდი დაძაბულობის პერიოდში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო საბერძნეთთან თურქეთის საზღთვრების გახსნისა და ლტოლვილთა იქ თავმოყრის ხელშეწყობის შესახებ.
თუ პრეზიდენტი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავს ან მისი რეაგირება არ აღმოჩნდება ადეკვატური, ისედაც ძლიერი ნაციონალისტური რეაქცია ლტოლვითა წინააღმდეგ შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.
ეს მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს და მათ შორის ცენტრალურ ადგილას მოიაზრება თურქეთის ჯანდაცვის სისტემა, რომელზეც დატვირთვა ბევრად მომატებული იქნება, რადგან მას ამჟამად ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებთან გამკლავება უწევს და პაციენტებს შორის ლტოლვილებიც მოიაზრებიან“, - წერს ჯორჯ ვისანი.
რაც შეეხება საქართველოს, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფიცირების ტემპი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია.
„ამ სტატიის დაწერის მომენტში ახალი კორონავირუსით 115 დადადსურებული ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.
ქვეყნის ოფიციალურ პირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქებს ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის.
სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყველა მოგზაურს აუკრძალა ქვეყანაში შემოსვლა და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ფრენები დროებით შეაჩერა.
მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვები ახლა უკვე მთელს მსოფლიოში იქცა კრიზისთან ბრძოლის სტანდარტულ მეთოდად, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე, რადგან ის დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე და ამ სექტორიდან ეროვნული ეკონომიკის ხელშეწყობაზე.
განსაკუთრებით მოწყვლადია რუსეთის მხარდაჭერით გამოყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები, სადაც ჯანდაცვის სისტემები შეიძლება დასუსტდეს ხანგრძლივი პანდემიის შედეგად.
ამ რეგიონების აუღიარებელი პოლიტიკური სტატუსის გამო, საერთაშორისო დახმარებაზე წვდომა შეზღუდულია. სამედიცინო მასალებით ოკუპირებული აფხაზეთი მოამარაგეს საერთაშორისო პარტნიორებმა, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ რეგიონების დახმარების შესაძლებლობა გართულებულია წლების განმავლობაში ძალიან შეზღუდილი კავშირის და რუსეთის აგრესიის გამო.
საბედნიეროდ, ამ ფაქტორმა არ შეუშალა ხელი რუხის გენერალური საავადმყოფოს გახსნას აფხაზეთთან გამყოფი ხაზის რამდენიმე კილომეტრის სიახლოვეს. არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის შეუშლია ხელი ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებისას, როდესაც ბრძანა „ყველაფერს გავაკეთებთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.” საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონში რუსეთის ჩართულობას უნდა დააკვირდეს, რადგან ის კრიზისს მართავს საკუთარი საზღვრების შიგნით“, - წერს ჯორჯ ვისანი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე იმყოფება, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებით არსებობს.
„რთულია ვივარაუდოთ პანდემიის გავლენა რეგიონში არსებულ კონფლიქტზე. ერთი შესაძლო სცენარი გულისხმობს დონბასთან საომარი მოქმედებების გააქტიურებას. სწორედ აქ იმიჯნება უკრაინის სამხედრო ძალები და პრო-რუსული აჯანყებულები.
ვიდრე პანდემიას პიკური ნიშნულისთვის არ მიუღწევია ორივე მხარეს შეუძლია, საკუთარი პოზიციების გამყარება ან შესაძლოა გაფართოება სანამ სამხედრო ოპერაციებს ინფექციით შეეშლება ხელი.
მეორე სცენარი გულისხმობს სამხედრო ოპერაციების შენელებას, რადგან კიევის, მოსკოვისა და აჯანყებულთა ლიდერები კონცენტრირებულნი არიან პანდემიით გამოწვეული ზიანის განეიტრალებაზე საკუთარი საზოგადოებების შიგნით.
ნებისმიერი სცენარით, სამოქალაქო პირები და სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტურ ზონაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებად გვევლინებიან შავი ზღვის რეგიონში. მოსკოვს ყირიმსა და ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა კეთილდღეობაზე ნაკისრი პასუხისმგებლობა უნდა შეახსენოს საერთაშორისო საზოგადოებამ.
ახალი კორონავირუსი მოკლე და საშუალო-ვადიან პერიოდში იქნება შავი ზღვის ბედის განმსაზღვრელი კრიზისი და მისი მნიშვნელობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისებს ჰქონდათ.
რეგიონის გამძლეობას ისეთი გამოცდა ჩაუტარდება, რომელიც აქამდე არასოდეს განუცდია და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ იმაზე დიდ ხანს გასტანს, ვიდრე თავად პანდემია“, - წერია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930