2-04-2020
ექიმმა-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კუსტარულად დამზადებული ნიღბების ეფექტურობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან „იმედის დილაში“ განაცხადა, არასამედიცინო, ხელნაკეთი პირბადეები ნაკლებად იცავს ადამიანს, ზოგჯერ კი პირიქით, შეიძლება ზიანი მიაყენოს.
„კუსტარულად, არასამედიცინო ტიპის ნიღბების ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დაბალია მათი დამცველობის ფუნქცია. თუ არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ქირურგიული ნიღაბი, იმ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ ეს რისკსაც შეიცავს, იმიტომ, რომ არასწორად შეკერილმა და დამზადებულმა ნიღაბმა შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი“, - განაცხადა გოგინავამ.
ექიმმა ასევე დააზუსტა, რომ ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან ამას აზრი არ აქვს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.