გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით

2-04-2020

"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნახოს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით. მათ შორის, ძალიან ბევრია ისეთი სფერო, რომლებმაც მუშაობა დისტანციურ ფორმატში უნდა გადაიტანონ. ეს არის უპირატესად სახლიდან საქმიანობის წარმოება, ხოლო ოფისიდან მუშაობა - მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, თუ რა პრინციპით შეარჩია მთავრობამ საწარმოები და ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომელთა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

"ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემის შემქმნელი წარმოებების ჩამონათვალი. ძირითადად, ეს არის მძიმე მრეწველობა და სამთო - მომპოვებელი წარმოება და გადამუშავება, რომელთა გაჩერება შეუძლებელი იყო ამ ეტაპზე. ამის მიუხედავად, მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების და წესების შესრულებას. ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილის მუშაობა უწყვეტ ციკლთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით , მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ სრულიად ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ბიზნესისა და წარმოების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. "მათ ამ პასუხისმგებლობას უნდა უპასუხონ მაღალი გარანტიებით თავისი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ, რომ არ მოხდება გადახვევა იმ წესებიდან, რომელიც დაამტკიცა და დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობას შექმნილი აქვს საგანგებო შტაბი. "მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინებისა და წესების შესრულებაზე კონტროლს ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ლიდერობით მიმდინარეობს, თუმცა მასში ჩართული ვართ ჩვენც და სხვა სამთავრობო უწყებებიც. შემოწმების პროცესი გეგმაზომიერად ჩატარდება. მინდა, ყველა ორგანიზაცია მოემზადოს ამისთვის და მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით, ასევე შეასრულონ სხვა რეკომენდაციები, მათ შორის სავალდებულო თერმოსკრინინგი. ამ ვალდებულების შესრულებას ყველა ბიზნესსუბიექტს მკაცრად მოვთხოვთ," – განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930