3-04-2020
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.
„ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.
„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.