10-04-2020
"უკვე რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ რეგიონებს, ძირითადად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენ ახლა იმ ფაზაში შევდივართ, სადაც პირველი მიღების ზოლი, სწორედ, ჰოსპიტალური სექტორი იქნება", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში" ქვეყნის რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, მონიტორინგი, უკვე განხორციელდა: ქუთაისში, ფოთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, რუსთავში, ბოლნისში და აჭარაში.
"ახლა მივემართებით სამეგრელოში. შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ასე ყველა რეგიონს შევამოწმებთ და ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ რევიზიას ვაკეთებთ, არამედ ადგილზე ვაკეთებთ ხარვეზების იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რეკომენდაციებს და რჩევებს. ჩვენ ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ დღეს. კერძოდ, ყველა რეგიონს ეყოლება ლიდერი ამ მიმართულებით, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ზედამხედველობის კუთხით, მონიტორინგს გაუწევს ჰოსპიტალური სექტორის მზაობას. ამ ვერტიკალში ე.წ ლიდერები, ძირითადად, დეპუტატები იქნებიან. ისინი შევლენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მართვის რგოლში და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პირდაპირი კომუნიკაცია გვექნება პრემიერმინისტრთან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ყველაზე რთული სცენარისათვის, რომ ამას ნამდვილი მზაობა ერქვას.
"ჩვენ ვამოწმებთ პერსონალის მზაობას. მათ უტარდებათ კონსულტაციები. ისინი გადიან გადამზადებას, ტრენინგებს, რომ ამ სიტუაციაში იცოდნენ როდის, სად და როგორ უნდა მოიქცნენ. ვამოწმებთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომ მათ ჰქონდეთ მარაგები, ასევე, რომ არ იყო ინფექციის კვეთები კლინიკებში და სწორად იყოს გამოყოფილი სივრცეები. ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სასუნთქი აპარატების მზაობას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.