გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სავალუტო ფონდი მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიურად აფასებს

13-04-2020

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს.

„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში IMF-ის ტექნიკური მისია მიმდინარეობდა და, სწორედ, მისიის შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპი კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზეა დამოკიდებული და კრიზისთან გამკლავების მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კოორდინირებული ნაბიჯები წარმატებულია. აგრეთვე, ითქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ უფრო მდგრადს ხდის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მხრიდან ეფექტურად შეფასდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად.

ხაზი გაესვა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან სწრაფი ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების განხორციელება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პანდემიასთან ბრძოლის მხარდასაჭერად შემუშავებული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია Covid-19-თან ეფექტური ბრძოლის გაგრძელებისა და ეკონომიკაზე პანდემიის
ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით.

როგორც გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა მარტინთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მასშტაბების პროგნოზირება დღეს შეუძლებელია, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს პოსტკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, უმნიშვნელოვანესია ორი უმთავრესი პრიორიტეტი - მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკური განვითარება, ამ უკანასკნელში კი საქართველოს მისი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა IMF-ის მზაობა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა IMF-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930