20-03-2018
ადამიანებს პირად მიმოწერას ხშირად უტეხენ. ასეთი რამ მუდმივად ხდება. თანაც ზოგს ჰგონია, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ცნობილ ადამიანებს ემართებათ, რაც არასწორია. შეიძლება თაღლითების ხელში შემთხვევით მსხვერპლად იქცეთ. ბოროტმოქმედები მიმოწერას სხვადასხვა მიზნით იყენებენ: მისი საშუალებით შეიძლება მფლობელის საბანკო ანგარიშზე წვდომა ან მისი დაშანტაჟება იმით, რომ შეტყობინებებს ან დოკუმენტებს გაუნადგურებენ ან გამოუქვეყნებენ. გატეხას შეიძლება ძალიან მოკრძალებული მიზანიც ჰქონდეს. მაგალითად, საფოსტო ყუთებს ზოგჯერ სპამების და ვირუსების გავრცელებისათვის იპარავენ. ამ რჩევებში უსაფრთხოების მთავარი წესებია, რომელთა დაცვაც საფრთხეების უმრავლესობას თავიდან აგაცილებთ.
დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ, რომ მიმოწერის დაცვის მართლაც უტყუარი საშუალებები, სავარაუდოდ, არ გამოგადგებათ, რადგან ისინი საკმაოდ რთულია და მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას ყველა თქვენი თანამოსაუბრისაგან. გარდა ამისა, თუ თქვენ სერიოზოულად გადაწყვეტთ საკუთარი მიმოწერის დაცვას შანტაჟისტების, თაღლითების ან სპეცსამსახურებისაგან, მაშინ საყვარელ სერვისებზე უარის თქმა მოგიწევთ, განსაკუთრებით, სპეცსამსახურების შემთხვევაში. ყველა მსხვილი საფოსტო სერვისი და მესენჯერი მომხმარებლების მიმოწერას ინახავს და შეიძლება ძლიერი ზეწოლის დროს ძალოვან უწყებებს გადასცეს.
პაროლის „12345“ გამოყენება არ შეიძლება. მაგრამ დამცავი ინსტრუმენტები ამით არ ამოიწურება. სინამდვილეში, მიმოწერის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი საშუალება - საფოსტო ყუთის პაროლზე ან მესენჯერის ექაუნთზე წვდომაა. ზოგჯერ პაროლს არჩევენ: არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციებს ცდიან მანამ სანამ საჭიროს არ მიაგნებენ. ასეთ პროგრამას პაროლის „12345“ პოვნისათვის წამები დასჭირდება. შეიძლება უფრო რთული პაროლების იოლად ამოცნობაც, რომლებიც ციფრებისა და სიტყვებისაგან შედგება. დიდ (10 სიმბოლოზე მეტი) პაროლთან გამკლავება, რომელიც ციფრების, ასოების და სხვა სიმბოლოებისაგან შედგება, უფრო რთულია, მაგრამ ასეთების დამახსოვრება თავად მომხმარებლებსაც უჭირთ. ამიტომ სჯობს სერვისების გამოყენება, რომლებიც რთულ და შემთხვევითი კომბინაციით შექმნილ პაროლებს თავად ნერგავენ და ინახავენ. ასეთი სერვისები საკმაოდ ბევრია: ზოგი მუშაობს ონლაინ აპლიკაციებში, სხვები კომპიუტერის მეხსიერებაში ინერგება. მათ ინტერნეტში იოლად მოძებნით.
მხოლოდ რთული პაროლი საკმარისი არ არის. მთავარია გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ერთი და იმავე პაროლის რამდენიმე სერვისისთვის გამოყენება, თორემ ყველაფერს ერთად მოგპარავენ. გარდა ამისა, არსებობს ყველაზე რთული პაროლის გატეხის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, ბოროტმოქმედები იყენებენ პაროლის აღდგენის პროცედურას, რომლებსაც სერვისები თავის გულმავიწყ მომხმარებლებს სთავაზობენ. მაგალითად, სთხოვენ ადამიანს უპასუხოს „საიდუმლო“ კითხვას და შემდეგ უბრუნებენ წვდომას ექაუნთზე. ეს კითხვები ხშირად ისეა აწყობილი, რომ სწორი პასუხის შერჩევა და გამოცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ძაღლის სახელის ან დედის ქორწინებამდელი გვარის მოძებნა სოციალურ ქსელებშიც შეიძლება. ამიტომ „საიდუმლო“ კითხვებს მომხმარებელი უფრო ყურადღებით უნდა მიუდგეს, რომ პასუხი არ იყოს იოლად ამოსაცნობი.
ზოგიერთ მომხმარებელს აჩეჩებენ ყალბ გვერდებს, რომლებზეც პაროლის შეყვანას სთავაზობენ. მაგალითად ფოსტაში შესვლის „ფეიკ“ ფორმას. ადამიანები ფანდს ვერ ამჩნევენ და საკუთარი ხელით აძლევენ პაროლს ბოროტმოქმედებს. როგორც წესი ასეთი ყალბი გვერდები „ფანჯრების“ სახით ვარდება ხოლმე ეკრანზე და ორიგინალი გვერდებისგან მას მისამართში შეცდომები და არასტანდარტული ფორმულირებები გამოარჩევს.
ასევე შესაძლებელია ხელში ჩაიგდონ თქვენი ტრაფიკი ანუ ინფორმაცია, რომელსაც სხვა კომპიუტერებთან ცვლით. ამ მონაცემებში შეიძლება მნიშვნელოვანი პაროლებიც იყოს. ცნობილი ბრაუზერების უმრავლესობა ასეთ "მცდელობებს" აფიქსირებს და მომხმარებელს აფრთხილებს: ამიტომ არ ღირს ისეთი ტექსტური შეტყობინებების იგნორირება, როგორებიცაა Your connection is not secure („თქვენი კავშირი არ არის დაცული").
მიმოწერის დაცვა შეგიძლიათ ასევე ორმაგი დაცვის სისტემით (ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციით), რომელსაც თავის მომხმარებლებს ბევრი საფოსტო სერვისი (Gmail) და მესენჯერი (Skype) სთავაზობს. არსი შემდეგშია: ჩვეულებრივი პაროლის გარდა მომხმარებელს შეუძლია დაიცვას თავისი ექაუნთი დამატებითი პაროლით ან ერთჯერადი კოდით რომელსაც მას მაგალითად, SMS-ით უგზავნიან. ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციის ( 2-Step Verification) შეყვანა იოლია, ამას სერვისის პარამეტრებში შესვლით იოლად გააკეთებთ. როგორც წესი, სერვისები გასაგებ ინსტრუქციებს წერენ იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა დამატებით თავისი მიმოწერა. მაგალითად, Gmail-ის ინსტრუქციის ნახვა აქ შეიძლება.
მიმოწერისთვის გამოიყენეთ PGP (Pretty Good Privacy) ტექნოლოგია. ის დაახლოებით ასეა მოწყობილი: თქვენ შიფრავთ ყველა თქვენგან გაგზავნილ შეტყობინებას სპეციალური გასაღებით და თქვენს თანამოსაუბრეს შეუძლია ტექსტის გაშიფვრა სხვა გასაღების დახმარებით. იმ შემთხვევაშიც თუ წერილი ვინმეს ხელში ჩაუვარდა, დაწერილის შინაარს მაინც ვერ გაიგებს. ამისთვის სპეციალური პროგრამის დაყენების გარდა, უნდა ისწავლოთ მისი მოხმარება და დაარწმუნოთ თანამოსაუბრეები, რომ იმავეს გაკეთება აუცილებელია.