15-04-2020
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია, თუმცა ეკონომისტები, პოლიტოლოგები და ფილოსოფოსები უკვე ცდილობენ შეიმუშაონ ახალი სამყაროს გარკვეული კონტურები, რომლებიც დაავადებაზე გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნება. სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფართომასშტაბიანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკაში, ბიზნესში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საშინაო პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, მედიცინასა და ადამიანთა ქცევაში. თუმცა ყველაზე დიდი გაურკვევლობა თავად ეპიდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზებს იწვევს: ვიღაცას ახალი, უკეთესი სამყაროსი სჯერა, სხვა კი ადამიანური ცხოვრების გრძელვადიან გაუარესებასა და პოლიტიკური კატაკლიზმებზე საუბრობს. როგორია პოსტპანდემიური პერიოდის ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები? გადაფასდება თუ არა ადამიანური ღირებულებები?
დღეისათვის პროგნოზებზე საუბარი ნამდვილად ძალიან რთულია, რადგან ამ ტიპის კრიზისთან შეხება კაცობრიობას ჯერ არ ჰქონია. გაურკვევლობას, პირველ რიგში, თავად ეპიდემია იწვევს. ამის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა ვირუსზე, ინფიცირების დონეზე, გადაცემის გზებსა და ლეტალურობაზე. ეკონომისტები იძულებული არიან, ეპიდემიოლოგების უხეში პროგნოზები გაამრავლონ იმ ეკონომიკურ გაურკვევლობაზე, რომელიც ეპიდემიასთან არის დაკავშირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ეკონომიკური გათვლა მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელით ვრცელდება. ეს კი ადამიანებში პანიკის შეგრძნებას ზრდის, რაც თავის მხრივ მომხმარებლებსა და კომპანიების ხელმძღვანელების ქცევას გაურკვეველს ხდის. საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იძულებული არიან სწორედ ამ უხეშ პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც სხვა გაურკვევლობას წარმოქმნის. არავინ იცის, აღნიშნული ზომები სიტუაციას გამოასწორებს თუ პირიქით, გაართულებს.
მსოფლიოს უდიდესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ექსპერტები თავიანთი კვლევების სერიაში წერენ, რომ პოსტპანდემიური მსოფლიოს შესახებ ორი სახის პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი:
- ოპტიმისტური, რომლის მიხედვითაც მკვეთრ (შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული), ვარდნას სწრაფი აღდგენა მოჰყვება.
- პესიმისტური, რომლის მიხედვითაც პანდემია მსოფლიო ეკონომიკას რამდენიმე თვით ან კვარტლითაც კი გააჩერებს. ამ თეორიის თანახმად, ახლანდელი მდგომარეობა გადაიზრდება სრულფასოვან ფინანსურ კრიზისში, რომელსაც მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობა და ქვეყნების კეთილდღეობის განადგურება მოჰყვება. ამ ყველაფერს კი თავად მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურის დარღვევა შეუძლია.
McKinsey-ის ექსპერტები პანდემიაზე სწრაფი გამარჯვების შედეგებს ასე აყალიბებენ:
- მთავარი პირობა: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეპიდემია დამარცხდება 2-3-თვიანი მკაცრი კარანტინით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდი 2020 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება.
- ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში ჩინეთი მშპ-ს 3.3% -ს დაკარგავს. ამის შემდეგ ის სწრაფად აღდგება და 2019 წლის შემოდგომაზე არსებულ დონეს დაუბრუნდება. მთლიანობაში, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდის ტემპის 1%-ზე ნაკლები შემცირება დაფიქსირდება.
- აშშ-ში რეცესია გაცილებით მაღალი იქნება. მეორე კვარტალში მშპ 8%-მდე შემცირდება, რადგან აქ ეპიდემიის მასშტაბი გაცილებით ფართოა და ეკონომიკაც უფრო მომხმარებლების მოთხოვნაზეა ორიენტირებული. ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა, როდესაც ეკონომიკის დელმილიტარიზაციამ წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეპიდემიის შემდეგ ქვეყანა სწრაფად აღდგება, 2019 წლის წარმოების დონის მიღწევა კი 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. თუმცა მთელი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნულის ტოლი იქნება.
- გაცილებით ოპტიმისტური სცენარითაც კი, ევროკავშირი უფრო მეტად დაზარალდება: ეკონომიკა მეორე კვარტალში თითქმის 10% -ს დაკარგავს და სრულად აღდგენას მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში შეძლებს.
- მსოფლიო ეკონომიკა, რომელმაც მეორე კვარტალში თითქმის 5% -იანი ვარდნა განიცადა, წლის ბოლოს დასტაბილურდება. ზრდის ტემპი წლის განმავლობაში 1.4% -ით შემცირდება. აღდგენის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას ის საერთაშორისო წარმოების ჯაჭვები, რომლებიც ეპიდემიამ მოშალა. ქვეყნები და რეგიონები, სადაც საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები თავიდანვე დაწესდა, შეიძლება უფრო სწრაფად დაუბრუნდენ ჩვეულ რიტმს, ვიდრე ისინი, ვინც ეკონომიკის შენარჩუნებას ეპიდემიის ჩახშობაზე უარის თქმით ცდილობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტები, რომლებმაც 1918 წელს ესპანური გრიპის, იმავე „ესპანკას“ ეპიდემიის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა შტატისა და ქალაქის აღდგენის პროცესი განიხილეს.
McKinsey- ის ექსპერტებისა და სხვა ეკონომისტების აზრით, მთელი რიგი პესიმისტური სცენარი არსებობს:
- ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის შეჩერების ყველა მცდელობა ჩაფლავდება. შესაბამისად, მთავრობები საწარმოებისა და ბანკების დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ბევრი მათგანი დაიშლება, რაც ვალების კრიზისსა და ლიკვიდობის ნაკლებობას გამოიწვევს. თავის მხრივ, ბანკებისა და კომპანიების ჩამოშლა მთელ გლობალურ ფინანსურ სისტემასა და წარმოებას გაანადგურებს. კრიზისი იქნება ხანგრძლივი და თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
- უფრო მსუბუქი და გაცილებით მოსალოდნელი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის მეორე ტალღა აღდგენის პროცესს გაართულებს და გააჭიანურებს. პანდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა დაინფიცირდება. თუმცა ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსოფლიო ეკონომიკის მხარდამჭერი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა, შესაბამისად, მისი სტრუქტურა შენარჩუნდა და აღდგენის პროცესიც დაიწყება.
McKinsey-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიის მეორე ტალღა ეკონომიკის აღდგენისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების პროცესს გაართულებს:
- ჩინეთი ყველას გაასწრებს, მაგრამ მისი ეკონომიკის აღდგენაც მხოლოდ 2021 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდება.
- აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს დაკარგავს, ევროკავშირი კი - 10%-ს. ისინი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდებიან.
- ზოგადად, მსოფლიო (ჩინეთის წარმატების წყალობით) ერთი წლით ადრე ამოისუნთქებს. განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი კრიზისი გამოიარეს, ახალ სირთულეს უფრო ადვილად გადალახავენ. McKinsey-ის ექსპერტების აზრით, დასავლეთის მოსახლეობა, რომელსაც მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, არნახულ შოკს განიცდის. ამას კი შეუძლია თავად მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ადამიანების ქცევის სიღრმისეულად შეცვლა.
McKinsey-ის ექსპერტები თვლიან, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყება ან კარანტინი კიდევ უფრო გაჭიანურდება, ადამიანთა ქცევა ძალიან შეიცვლება. მაგალითად, ესა თუ ის პირი ფრენას ვერ დაარეგისტრირებს, თუ ინფექციის არარსებობის ან კარგი იმუნიტეტის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენს. McKinsey-ის ინფორმაციით, ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ორგანიზაციებში აღნიშნული საბუთის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შესაძლოა, მოსახლეობა მსგავს „ქცევით პროტოკოლს“ გაგებით მოეკიდოს, რადგან ამის ალტერნატივა მხოლოდ „ლოქდაუნი“ იქნება.
თუ კარანტინი გაჭიანურდება, ეკონომიკის სტრუქტურა კი ჩამოშლას დაიწყებს, ამას რთული ეთიკური დილემის გამოწვევა შეუძლია. თანამედროვე სამყაროში ითვლება, რომ მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა. ეკონიმისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ღირებულების შეფასებაც კი არის შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისა თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანის „სიცოცხლის ფასიც“ განსხვავებულია. თუმცა ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ახალგაზრდის სიცოცხლეზე ნაკლები „ღირს“, იმდენად ძვირადღირებულია, რომ მის გაწირვაზე საუბარი ძალიან რთულია.
თუმცა ეს მორალური და ეკონომიკური თეზისები უკვე ეჭვქვეშ დგას. თუ ეპიდემიის შეჩერება დროზე ვერ მოხერხდება, კარანტინის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მდგომარეობა და შემდეგ მათი ზეწოლა პოლიტიკოსებზე იქნება ძალიან მძიმე და რთული. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე მოხსნას გადაადგილების შეზღუდვები, რათა მოქალაქეები სამსახურს დაუბრუნდნენ.
ბრიტანული მედია ამტკიცებდა (მინისტრთა კაბინეტი კი მკვეთრად უარყოფდა), რომ დილემა პრემიერმინისტრ ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა დომინიკ ქამინგსმა ჩამოაყალიბა. ამტკიცებდნენ, რომ მან მოქალაქეთა შეზღუდვის დროს განაცხადა: „მთავარია, უმრავლესობა დაავადდეს და ჯგუფური იმუნიტეტი გამოიმუშავოს. თუ ამ დროს პენსიონერების რაღაც რაოდენობა გარდაიცვლება, ძალიან სამწუხაროა“. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საწყის ეტაპზე ნამდვილად თვლიდა, რომ ეკონომიკის გადასარჩენად და მოსახლეობის სწრაფი „იმუნიზაციისთვის“ საჭირო იყო მკაცრი კარანტინისა და სხვა შეზღუდვების დაწესებისგან თავის შეკავება. თუმცა დროთა განმავლობაში ამ იდეაზე უარის თქმა აუცილებელი გახდა, რადგან სამედიცინო სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჯონსონიც და ქამინგსიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მედია წერს, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.