გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან რატიანი: ვერ წარმოუდგენიათ როგორ იხრჩობიან ადამიანები რეანიმაციაში, ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ

16-04-2020

დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმები არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხდა. მან მოსახლეობას გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსის საფრთხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას შესაძლოა ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.

„ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვის ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამ ხრჩობის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. სახლში ყოფნისას წყალი, ჩაი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ“, - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ქართული მედიცინა ამას ვერ გაუძლებს და ქვეყანა ექიმების გარეშე დარჩება.

საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930