16-04-2020
„სუს-ის ანგარიშში ასახული ქმედითი ზომები იძლევა საფუძვლიან იმედს, რომ საქართველო 2020 წელს ღირსეულად გაუმკლავდება ყველა საგარეო თუ საშინაო გამოწვევებს“, - სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს ეხმაურება.
ანგარიშზე დაყრდნობით ბოჟაძე წერს, რომ რუსეთის მხრიდან 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენება.
„საქართველო კოვიდვირუსის გავრცელებასთან ერთად სხვა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხეების წინაშე დგას, ეს საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება 2020 წელს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
სუს-ის ანგარიშმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო მტრებს საერთო ინტერესები ამოძრავებთ, ამის ნათელი მაგალითია 20-21 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენები.
ანგარიშში ვკითხულობთ: „ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, 2019 წელი განსაკუთრებული კომპლექსურობით გამოირჩეოდა. უცხო სახელმწიფოების სპეციალური სამსახურები განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და სხვა პროცესებში ჩარევის მცდელობებს, რა დროსაც იყენებდნენ იდეოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის ბერკეტებს“.
ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან 2020 წელს კიდევ უფრო გაიზრდება „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენება: მოსახლეობაში ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური განწყობების გაღვივება, ღია შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე, საგარეო კურსზე ზემოქმედების მცდელობა, საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება/პროპაგანდა, საარჩევნო და შემდგომ პერიოდში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და ა.შ. ამ და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევის გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება, რასაც, ასევე, უნდა დაემატოს ქვეყნის შიგნით ობიექტური მედიისა და მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის აქტიური მხარდაჭერა.
სუს-ის ანგარიშში ასახული ქმედითი ზომები და, ბუნებრივია, ყველაფერი ანგარიშებში არ იწერება, იძლევა საფუძვლიან იმედს იმისას, რომ საქართველო 2020 წელს ღირსეულად გაუმკლავდება ყველა საგარეო თუ საშინაო გამოწვევას! მშვიდობა და წარმატებები საქართველოს! #დარჩისახლში #styhome“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ინფორმაციისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პარლამენტს წარედგინა.