გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

20-03-2018

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დიპლომატიურ საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველ ფილიპ ეტიენს შეხვდა.



შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე. დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე - გადაადგილების თავისუფლების, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებების მკაცრ დარღვევებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე; ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით. ფილიპ ეტიენმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მხარდაჭერა.

დავით ზალკალიანი ფილიპ ეტიენს ესაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებსა და პერსპექტივებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, კვლავაც გააგრძელოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით. პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა მადლობა გადაუხადა მინისტრის პირველ მოადგილეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 

ფილიპ ეტიენი მიესალმა რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია უსაფრთხოების რთული გამოწვევების ფონზე და რის წყალობითაც, საქართველო რეგიონში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს. დასასრულს, მხარეებმა ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. 

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის პირებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930