გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გვარის შეცვლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს მხარი დაუჭირა

20-03-2018

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონპროექტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

"ეს საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოქმედებას ეხება. ამ უფლებით საქართველოს მოქალაქეები ერთი წელია სარგებლობენ და პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ამას ცხადჰყოფს დეკემბერში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, წლის ბოლოს გარკვეული კითხვები გაჩნდა ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში, რაც ჩვენი მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილ რაოდენობას უკავშირდებოდა. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე განვიხილავთ", - აღნიშნა სხდომის დაწყებისას თამარ ხულორდავამ.

კანონპროექტი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის თანახმად, "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია იმ სტატისტიკურმა მონაცემებმა, რომელთა თანახმად, უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია გვარის შეცვლის თაობაზე მიმართვიანობის ოდენობა, რაც გვარის შეცვლის საფუძვლებისა და დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ერთიდაიგივე პირის მიერ წარდგენილ მოთხოვნათა რაოდენობის გათვალისწინებით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იცვლიან გვარს. შეცვლილი მონაცემებით შესაბამის უცხო ქვეყანაში მათი დაბრუნებისას, უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო, ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, რომლიდანაც ან გამოძევებულ იქნენ ან სხვაგვარად არ ექვემდებარებიან დაშვებას. ამდენად, ცვლილების შემუშავება ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა მიერ საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების უფლების ბოროტად გამოყენებისა და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილების ინტერესით არის განპირობებული. 

"კანონპროექტი მიზნად ისახავს მოხდეს იმ შემთხვევების პრევენცია და დაბრკოლებების შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც შესაძლოა ბოროტად სარგებლობს შესაძლებლობით, რასაც გვარის შეცვლა ჰქვია, ვინაიდან არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს. წარმოდგენილია დროული და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ხელს შეუშლის ამ თვალსაზრისით პრობლემის გაღრმავებას და მოახდენს რაოდენობაში ამ პრობლემის შემცირებას", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გვარის შეცვლისთვის მარტივი მექანიზმები არსებობს ხოლო წარმოდგენილი პროექტით, იზღუდება შესაძლებლობების ის წრე, რა შემთხვევაშიც პირი უფლებამოსილი იქნება რომ გვარის შეცვლა მოითხოვოს. ასევე, გათვალისწინებულია პროცედურული საკითხები. ფართოვდება წრე იმ შემთხვევებისა, როდესაც დაუშვებელია გვარის შეცვლის მოთხოვნა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გვარის სურვილისამებრ შეცვლა შესაძლებელი ამჟამადაც არ არის, მოქმედი კანონი ერთი პირის მიერ სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლის ფართო შესაძლებლობებს მაინც იძლევა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გასული 2 წლის განმავლობაში გვარის შეცვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომელიც ცხადყოფს, რომ მონაცემები საკმაოდ მზარდია.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით პირს, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოუწევს ერთხელ გააკეთოს არჩევანი, რადგან მას უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება. 

ზემოთ მითითებული შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ. გარდა ამისა, გვარის შეცვლის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე, შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი .

კანონპროექტით კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ადგენს პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის ზოგად წესებს. ასევე, პირი ვალდებული იქნება პირადად მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

ცვლილებით შემოთავაზებული წესის თანახმად, პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადებას განიხილავს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. ამასთან, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება პირადად გამოცხადდეს ზეპირ მოსმენაზე და მის მიერ შესაბამისი განცხადების შეტანისას სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთოს გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარებისთვის კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა.

ხსენებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია გვარის შეცვლის იმ საფუძვლებზე, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

კანონპროეტით, კანონს სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შეზღუდვის ახალი საფუძვლები ემატება და ის დაუშვებელი იქნება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას:

• თუ 16 წელს მიღწეული პირის მიერ განცხადება არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

• -თუ დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;

• თუ დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე. 

კანონპროექტით, კანონს ემატება გარდამავალი რეგულირება, რომლის თანახმად, ამავე კანონით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რაც მითითებულია მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. 

ამავე გარდამავალ დებულებებში მითითებულია, რომ ახალი რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ მიიღება დაინტერესებული პირის მიერ გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, ჰქონდა ადგილი. 

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დაზუსტებებიც გააკეთა.

კომიტეტმა მთავრობის წარმომადგენელს რეკომენდაციით მიმართა, რომ შემუშავდეს მექანიზმები, თუ როგორ შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ის პირები რომლებსაც აქვთ ობიექტური მიზეზები გვარის შეცვლის, გვარის დადგენის უფლებით სარგებლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930