16-04-2020
„ჩვენ ვგეგმავთ 22-23 აპრილს ჩავატაროთ სხდომები, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე. ეს არ გამომდინარეობს ჩვენი პოლიტიკური მისწრაფებიდან. ცუდ ადამიანებს სულ ჰგონიათ, რომ რაღაც ჩასაფრებაა და მათ წინააღმდეგ კეთდება რამე ან უნდათ თავისი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ აქედან. რომელი პოლიტიკური ჯგუფი განაგებს სიტუაციას ეს მეორე თემაა, მთავარი თემა ახლა არის პრაგმატიზმი. ჩვენ გვინდა მივიღოთ წესიერი საარჩევნო სისტემა, გადაწყვეტილება მივიღოთ ერთად იმისათვის, რომ სახელმწიფომ იცხოვროს ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ჯანსაღი ოპონირება იქნება და არა ის ვაკხანალია , რასაც დღემდე ვუყურებდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ PosTv- ის ეთერში.
მისივე თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი მთლიანად დამყარებული იქნება მეცნიერების რეკომენდაციებზე, რომელთა მიზანი ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება ოპტიმალური, პრაგმატული და მოვუწოდებ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სიღრმისეულად გაანალიზონ არსებული მდგომარეობა. ექიმები, რომლებიც ამ დასკვნებს აკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების მატარებლები არიან. არ შეიძლება, რომ ჩვენი თავდადებული ექიმების დიდ არმიას მხოლოდ ერთი პოლიტიკური მოსაზრები ჰქონდეს და ამაზე აგებდეს თავის დასკვნებს. სხვათა შორის, უნდათ, რომ ეს ასე წარმოაჩინონ. კონკრეტული ადამიანები ემსახურებიან იმას, რომ მოხდეს ეკლესიის, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის და მთავრობის დისკრედიტაცია. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მიხედეთ სამშობლოს, ქვეყანას, ეკლესიას და გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე - ეს არის ამოცანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.