„დღევანდელი ჩემი აღშფოთება და ცოტა გაბრაზება, იცით, რამ გამოიწვია?! იმან, რომ ადამიანები უპასუხისმგებლოები ვართ. რეანიმაციაში დღეში რამდენჯერმე შევდივარ. იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილია და უამისოდ ცხოვრება არ შემიძლია. მე ერთმა რაღაცამ აღმაშფოთა. ქალბატონს, რომელიც აპარატზე გვყავს მიჯაჭვული, ინფექცია თავისი ოჯახის ერთმა წევრმა შემოუტანა. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა და სახლში მიიტანა ინფექცია. იმიტომ, რომ მას დრო გაეტარებინა, ამ ქალბატონს შეიძლება, ნებისმიერ დროს გული გაუჩერდეს და დაიღუპოს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც გაუჭირდათ, რადგან მოქალაქეები ამ ვირუსს იქაც უპასუხისმგებლოდ მოექცნენ.
„მათ არ ეგონათ, რომ ასე დამძიმდებოდნენ. არ ეგონათ, რომ ერთ ადამიანს შეეძლო, ასი ადამიანი დაესნებოვნებინა, ასს კი ათასი. სხვადასხვა ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვაგან სწორედ ამან გამოიწვია ამდენი სიკვდილობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი სახლში დარჩენა და ოჯახის წევრებთან ფიზიკური დისტანცირებაა.
„ჩვენც გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ოჯახის წევრებთან არ ვკონტაქტობთ, ჩვენი კლინიკის არც ერთი ექიმი, არც ერთი მედიკოსი. იმიტომ კი არა, რომ ისინი არ გვიყვარს?! იმიტომ, რომ გვინდა, ისინი გადარჩნენ. ჩვენ ვართ მზად, რომ თქვენ მოგემსახუროთ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ შევძლებთ ერთი მიზეზის გამო – ჩვენც ადამიანები ვართ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.