გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ყველაფერი, რაც ხელების დაბანაზე უნდა ვიცოდეთ; დეტალური ინსტრუქცია

19-04-2020

როდესაც რაიმე ვირუსული ან ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროებაა, პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ექიმები გასცემენ, ხელების ხშირი დაბანაა.


ასეა კორონავირუსის შემთხვევაშიც – პრევენციული ღონისძიებების ნუსხაში პირველ ადგილზე სწორედ ხელების დაბანაა.
შესაძლოა, ბევრს უცნაურადაც ეჩვენება, რატომ გახდა საჭირო ასეთი ხშირი მოწოდებები ამ ბანალური და მარტივი პროცედურისკენ, მაგრამ სინამდვილეში საქმე ბევრად რთულადაა.


ადამიანებს ამ მარტივი ჰიგიენური პროცედურის მნიშვნელობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ხოლო ისინიც კი, რომლებიც ხშირად იბანენ ხელს, ამას არასწორად აკეთებენ.


JAMnews-ი მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით მოგიყვებათ რატომ არის ხელის სისუფთავე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საკუთარი ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. ასევე აგიხსნით და გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად.


დაუბანელი ხელი კლავს. მართლა. ამას ამბობენ კვლევები


ხელების დაბანის თემაზე უამრავი კვლევა და დოკუმენტი არსებობს. აი, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 270 გვერდიანი დოკუმენტი (აქ არის ამ დოკუმენტის მოკლე ვერსია რუსულ ენაზე).


ხშირად მკვლევარების დასკვნები ძალიან მოულოდნელი და შთამბეჭდავია. მაგალითად, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა ჩატარებული კვლევით მივიდა დასკვნამდე, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები მოკვდებოდა, პლანეტაზე ყველა რომ რეგულარულად და სწორად იბანდეს ხელს.


კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხელების დაბანის შემთხვევაში 50 პროცენტით შემცირდებოდა დიარეითა და კუჭ-ნაწლავის ინფექციებით სიკვდილიანობა;
ხელების დაბანას შეუძლია 16 პროცენტით შეამციროს რესპირატორული ინფექციების რისკი;


სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო გელების სკოლებში გამოყენებას შეუძლია 19,8 პროცენტით შეამციროს სხვადასხვა ინფექციების სკოლებში გავრცელება;


ცალკე პრობლემაა ინფექციები, რომლებითაც ადამიანები უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებში ავადდებიან. კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები ინფექციების ბუდედ არის ქცეული იმის გამო, რომ არასწორად ხდება ჰიგიენური ნორმების დაცვა თავად მედპერსონალის მიერ.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ სტუდქალაქში ჩატარებულმა კვლევამ კი, აჩვენა, რომ ტუალეტიდან გამოსული ადამიანების მხოლოდ 5 პროცენტი იბანს ხელებს კარგად, ისე, რომ ყველა მიკრობი ჩამოირეცხოს. დანარჩენები ამას უბრალოდ ფორმალურად აკეთებენ – 33 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა საპონს. ხოლო 10 პროცენტი საერთოდ არ იბანდა ხელს.


მკვლევარები რეკომენდაციას აძლევენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს – კერძო კომპანიებს, სასტუმროებს, რესტორნებს, რომ ტუალეტში დაკიდონ ხელის დაბანის შესახსენებელი აბრა, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უფრო ხშირად იბანენ ხელს, თუ ტუალეტში არის აბრა მსგავსი მოწოდებით.


კონკრეტულად რა საფრთხის მატარებელია დაუბანელი ხელები?


დღის განმავლობაში ხელებით ვეხებით უამრავ ზედაპირს, სადაც ბინადრობენ მილიონობით სხვადასხვა ვირუსები, სოკოები თუ ბაქტერიები. მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოაჯირი რად ღირს, ან ტუალეტის ჩასარეცხი ღილაკი.


შემდეგ ამ ბინძური ხელებით ჩვენ ვეხებით საკუთარ სახეს – ჩვევა გვაქვს, მოვიკიდოთ ხელი ცხვირზე; თითით ვისწორებთ გადღაბნილ ტუჩსაცხს, ვიფშვნეტ თვალებს და ა.შ. ეს უწყინარი, მარტივი მოძრაობები სრულიად საკმარისია, რომ ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც ხელზე გვაქვს, უკვე ჩვენს ორგანიზმში შევიყვანოთ.


სუფთა ხელები ყველაზე მთავარი პროფილაქტიკაა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი, ენტეროვირუსი, მწვავე რესპირატორული დაავადებები.


როდის უნდა დავიბანოთ ხელები – როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავრებთ და ტუალეტით ვისარგებლებთ?


არა, ბევრად ხშირად.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების სია ასეთია:


— ტუალეტის შემდეგ
— საკვების მომზადების დაწყებამდე და შემდეგ
— ჭამამდე და ჭამის შემდეგ
— უმ ხორცთან და თევზთან მიკარების შემდეგ
— დაცემინების, დახველების, ცხვირის მოხოცვის შემდეგ
— ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ (სხვათა შორის, საკუთარი შინაური ცხოველებიც ითვლება)
— საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შემდეგ
— საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემდეგ (აქ სხვათა შორის ლიფტიც ითვლება. ზოგადად, ლიფტის ღილაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული “წერტილია”. მაგალითად, მეცნიერებმა საავადმყოფოების და კლინიკების ლიფტის ღილაკები და ტუალეტის ზედაპირები (კარის სახელურები, ჩასარეცხები) შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ლიფტის ღილაკებზე უფრო მეტი ბაქტერია იყო (61%), ვიდრე ტუალეტის ზედაპირებზე (41%)
— სახლის დალაგების შემდეგ
— ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტის ან მისი მოვლის შემდეგ
— ავადმყოფის ნივთებთან კონტაქტის შემდეგ
— ნებისმიერი ჭრილობის დამუშავებამდე და შემდეგ


ასევე განსაკუთრებულად, დაბინძურებულ ზედაპირებად ითვლება ასევე ბანკომატები, ინტერნეტ-კაფეების კომპიუტერები, სათამაშო აპარატები და ა.შ.
და კიდევ ერთი – ბაქტერიების სერიოზული გადამტანი თქვენი მობილურის ტელეფონი შეიძლება გახდეს, თუ მობილური ტელეფონის ჰიგიენას არ დაიცავთ.


მობილური ტელეფონის ჰიგიენა რაღაა?


მობილური ტელეფონი ვირუსების პირდაპირი გადამტანია – ტელეფონი ჩვენ პირთან მიგვაქვს, მანამდე კი, ვეხებით ხელით, რომლითაც შევეხეთ, მაგალითად, მეტროს ესკალატორის მოაჯირს, სადაც მილიონობით ბაქტერიაა.


არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს უფროსკლასელების მობილური ტელეფონები და აღმოჩნდა, რომ საშუალოდ, უფროსკლასელი მოზარდის ტელეფონზე 17 ათასზე მეტი ბაქტერია ბუდობს. ზოგ ტელეფონზე 10-ჯერ მეტი ბაქტერია იყო, ვიდრე ტუალეტის ნიჟარაზე.


მობილური ტელეფონის ჰიგიენისთვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, არასოდეს შეიტანოთ იგი აბაზანასა და ტუალეტში (და არა მხოლოდ საზოგადოებრივში, არამედ სახლის აბაზანაშიც არ შეიძლება). საქმე იმაშია, რომ როდესაც ტუალეტი ირეცხება, მიკრობები ვრცელდება მთელს აბაზანაში, ამიტომ ტელეფონის ზედაპირზე შეიძლება ნაწლავური ჩხირიც მოხვდეს.


ასევე, ეცადეთ, თავი აარიდოთ სხვისი ტელეფონით სარგებლობას და სასურველია, არც თქვენი ტელეფონით ისარგებლოს ვინმემ.


ხშირად გაასუფთავეთ ტელეფონი სუფთა ტილოთი ან ხელსახოცით. უფრო ღრმა წმენდისთვის შეიძლება გამოიყენოთ 60% წყლის და 40% სპირტის ხსნარი. დაასველეთ ტილო ამ ხსნარში და გაწმინდეთ ტელეფონი.


და ფული? ფული მართლა ხელის ჭუჭყია თუ ეს მითი მდიდრებმა მოიგონეს?


ფული ძალიან ბინძურია. ხუთი წლის წინ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხურდა ფულზე და ქაღალდის ბანკნოტებზე შეიძლება ბუდობდეს სალმონელა, ჰეპატიტი A-ს ვირუსი, ასევე როტავირუსი და რინოვირუსი. ყველა ეს ვირუსი შესაძლოა მოხვდეს თქვენს ორგანიზმში, თუ საფუძვლიანად არ დაიბანთ ხელს მას შემდეგ, რაც ფულს შეეხებით.


ახლა კი, მთავარი – როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ხელების დაბანა უნდა გრძელდებოდეს 20-30 წამი.
არსებობს კონკრეტული თანმიმდევრობა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, რათა ყველა მიკრობი ჩამოვიბანოთ:


1- დაისველეთ ხელები წყლით


2- დაიტანეთ ხელზე საკმარისი რაოდენობის საპონი


3- გაუსვით ერთმანეთს ხელები


4. მარჯვენა ხელის გული დაადეთ მარცხენა ხელის ზურგს, კარგად გაუსვით თითებს შუა სივრცეებში (ზუსტად მანდ არის კონცენტრირებული ყველაზე მეტი ბაქტერია) შემდეგ ხელები შეცვალეთ.


5 – გადააჭდეთ ერთმანეთს ხელები


7- მოკეცილი მტევნები გადააჭდეთ ერთმანეთს. თითების ბალიშები და ფრჩხილები გაუსვით ხელისგულებს


8- დიდი თითები ცალკე, წრიული მოძრაობით დაბანეთ


9- თითების ბალიშები და ფრჩხილები კარგად გაუსვით ხელისგულებს


10 – კარგად ჩამოიბანეთ ხელები სუფთა, გამდინარე წყლით


11- აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით, ან ქაღალდის ხელსახოცით, ან ჰაერის გამაშრობლით.


იბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამი. წამზომი გჭირდებათ? ორჯერ წაიღიღინეთ თავიდან ბოლომდე “happy birthday” ან მისი ქართული ვერსია “რა ლამაზი დღეა”. ეგ ზუსტად 20 წამს წაგართმევთ.


რითი უნდა დავიბანოთ ხელები? თხევადი საპნით თუ მყარით? ცხელი წყლით თუ ცივით? ანტიბაქტერიული საპონი ხომ არ ჯობია?


არა აქვს არანაირი მნიშვნელობა ეს თხევადი საპონი იქნება თუ მყარი. ორივე წარმატებით ჩამორეცხავს ბაქტერიებს, თუკი ზედა ინსტრუქციით დავიბანთ ხელს. მთავარია, რომ რომელიმე საპონი აუცილებლად გამოვიყენოთ, რადგან მხოლოდ წყალს არ შეუძლია მიკრობების და ჭუჭყის ჩამობანა.


წყლის ტემპერატურასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. შეცდომაა, როდესაც ფიქრობენ, რომ ცხელი წყალი უკეთ ბანს ხელებს. ხელის დაბანა შეიძლება ცივი წყლითაც.


რაც შეეხება ანტიბაქტერიულ საპონს (ანტიბაქტერიულ, სადეზინფექციო სითხეებში და გელებში არ აგერიოთ). არანაირი უპირატესობა ამ ტიპის საპონს ჩვეულებრივ საპონთან არ აქვს. ეს უფრო მარკეტინგული ხრიკია.


და როცა წყალთან წვდომა არ გვაქვს ან “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” გეგმიურ სამუშაოებს ატარებს, მაშინ რა ვქნათ?


ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული საშუალებები – ანტიბაქტერიული სითხეები და გელები, რომელთა გამოყენება მიზანშეწონილია ზუსტად მაშინ, როდესაც წყალთან და საპონთან წვდომა არ გაქვთ.


უმჯობესია თუ 60-70 პროცენტი ეთანოლის შემცველობის ანტიბაქტერიულ სითხეს გამოიყენებთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ არანაირი ანტიბაქტერიული სითხე არ შეცვლის წყალს და საპონს.


სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებისას სითხე იმავე ინსტრუქციით უნდა შეიზილოთ, როგორითაც ხელებს იბანთ წყლით. ხელები უნდა იზილოთ მანამ, სანამ ეს სითხე არ შეგაშრებათ.


გამოდის, ნახევარი დღე ხელების დაბანაში უნდა გავატარო? ამას ვინმე აკეთებს რეალურად?


ჰოდა, ბევრი რომ არ აკეთებს და უნდა გააკეთოს, მაგაშია საქმე. სულ 20 წამზეა ლაპარაკი. მეორე მხარეს კი თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა. მთავარია, ეს ჩვევაში გადაგივიდეთ და მერე უკვე თავად ვეღარ შეძლებთ სხვაგვარად.


და რაც ყველაზე მთავარია, ესაუბრეთ ხელების დაბანის მნიშვნელობაზე თქვენს შვილებს! ანახეთ მათ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ხელების დაბანის წესი, წააკითხეთ ეს სტატია და ასწავლეთ ბავშვობიდან ჰიგიენის წესები – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც მათ მომავალსა და ჯანმრთელობაში ჩადებთ.


* მასალაში გამოყენებულია მხოლოდ სანდო სამედიცინო და მედია წყაროების ინფორმაცია. (ძირითადად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ვებ-გვერდის webmd.com-ზე განთავსებული ინფორმაცია)






jam-news.net

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930