20-04-2020
თითქმის სამწლიანი ბრძოლისა და პარლამენტთან კარვების ბანაკის გაშლის შემდეგ, აფხაზეთში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი მიიღეს, რომელიც თანამდებობის პირებსა და დეპუტატებზე ვრცელდება. მაგრამ მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ამ მოვლენამ არ გაახარა აქტივისტები და კანონის მიღების მომხრეები.
რის შესახებ არის კანონი
საინიციატივო ჯგუფი აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ასტამურ კაკალიას ხელმძღვანელობით, 2018 წლიდან მოყოლებული, არ წყვეტდა მცდელობას, ეიძულებინა პარლამენტი მიეღო კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებდა ჩინოვნიკებს უკანონო გამდიდრების გამო და ასევე, მოახდენდა „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის რატიფიცირებას.
აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „საჯარო პირებისა და დეპუტატების შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების სავალდებულო დეკლარირების შესახებ“.
ჩინოვნიკები ახლა ვალდებულები არიან წარმოადგინონ ცნობები საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების შესახებ ნებისმიერი გარიგების შემთხვევაში – უძრავი ქონების, ავტომობილებისა და ფასიანი ქაღალდების შეძენის, წილობრივი მონაწილეობისა და ა.შ. ეს მოთხოვნა ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გარიგების თანხა აღემატება ოფიციალური პირისა და მისი ოჯახის წევრების საერთო შემოსავალს გარიგების წინა ორი წლის განმავლობაში.
ის ასევე უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მიღებული თანხების წყაროების შესახებ, რომლის ხარჯზეც გარიგება განხორციელდა.
დეპუტატ ასტამურ ლოგუას თქმით, რომელიც კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ეს დეკლარაციები საჯარო და ნებისმიერ მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, რადგან გამოქვეყნდება შემოსავლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
რა ხარვეზებია ახალ კანონში
აქტივისტები ორ მთავარ პრობლემას ხედავენ:
• ჩინოვნიკების ოჯახის წევრთა სიაში, რომლებიც ასევე ვალდებული არიან წარადგინონ საშემოსავლო დეკლარაცია, არ არიან შეყვანილი თანამდებობის პირებისა და დეპუტატების სრულწლოვანი შვილები. უფრო მეტიც, კანონი საერთოდ კრძალავს ჩინოვნიკების ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
• ოფიციალურად კანონი ძალაში 2020 წლის 30 დეკემბერს შევა. ამ დროისთვის, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს თანდართული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
„თქვენ მიიღეთ არა კანონი, არამედ მულაჟი“, – განაცხადა დეპუტატებთან შეხვედრაზე აქტივისტების ლიდერმა, ასტამურ კაკალიამ.
„წლის ბოლომდე კორუფციონერებს შეუძლიათ მშვიდად, გამოვლენის შიშის გარეშე, უკანონოდ გამდიდრდნენ. კიდევ 11 თვის განმავლობაში, მათ აქტივებსა და სავარძლებს საფრთხე არ დაემუქრებათ. და ახალი მინისტრები და ახლად დანიშნული ჩინოვნიკები ისე შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას, არ წარმოადგენენ დეკლარაციას და არ იქნებიან პასუხისმგებლები დეკლარაციებში სიცრუეზე“, – აღნიშნა კაკალიამ.
მან დარწმუნებით განაცხადა, რომ კანონი იმ სახით, როგორც მიიღეს, ვერ იმუშავებს.
რა ნაბიჯებს გადადგამენ აქტივისტები, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ პლაკატები, რომლებიც პარლამენტთან 4 თებერვალს განათავსეს, კანონის მიღებისთანავე ჩამოხსნეს.
p.s. სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.