21-04-2020
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას პასუხობს.
როგორც ბრიფინგზე ცერცვაძემ აღნიშნა, გურულის მიერ გამოთქმული აზრი, რომ საქართველოში პაციენტებს არასწორად მკურნალობენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ბატონმა ზურაბ გურულმა გააკეთა თავისი შეფასებები, კომენტარები ჩვენი სახელწმიფოს პოლიტიკური სპექტრის, ექიმების, კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის თაობაზე. კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და თითქოს არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ პასუხი გაგვეცა. რადგან ვინმეს მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის რასაც ბატონი გურული ბრძანებს სიმართლეა. მოქმედების ორ პროტოკოლს მოკლედ მინდა შევეხო. ერთი, ეს არის თვითონ კოვიდის მართვის პროტოკოლი, ნაკადების მართვის პროტოკოლი. ეს პროტოკოლი თავისთავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას. 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრების, კოვიდ ცენტრების და სხვა. ეს გულისხმობს ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი კოვიდის ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, შეუძლია მიმართოს 112-ს, ის გადაამისამართებს მას ოჯახის ექიმთან, ოღონდ არა ზოგადად ნებისმიერ ოჯახის ექიმთან, არამედ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმების ცენტრებთან. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ასეთი კასკადი, ასეთი ნაკადების მოძრაობის გეგმა, როგორიც არის საქართველოში არ არის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ყოველშემთხვევაში მე ასეთი არ ვიცი. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ეფექტურად. ჩვენზე ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოს როგორიც არის ლიხტეინშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ეს არის სახელმწიფო ვერტიკალის, ექიმების და დაავადებათა კონტროლის დამსახურება", - განაცხადა ცერცვაძემ.