21-04-2020
„მხოლოდ ერთი წინადადებით შეიძლება გამოვეხმიანოთ იმ პერიოდს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების სრული ტოტალური დათრგუნვა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, გარე თუ შიდა პრობლემები შენელდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში მოვახერხეთ და გადავლახეთ ის თემა, რასაც ჰქვია პოლიტიკური წინააღმდეგობა იმ ადგილებში, სადაც პრაქტიკულად „ფეიკ-ნიუსის“ გარდა ვერაფერს წარმოადგენდი. დღესაც სამწუხაროდ ამის რეალობას ვხედავთ, მაგრამ საზოგადოება უკვე მყარად ჩამოყალიბდა იმაში, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებასთან ერთად სტაბილურობის შენარჩუნება.
„რთული კრიზისული პერიოდის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, შეინარჩუნა პროფესიული გუნდი და შეასრულა მთავარი ამოცანა - სტაბილურობის შენარჩუნება, რაც განვითარების წინაპირობაა. საგარეო ასპარეზზე პოზიციების მნიშვნელოვნად გაძლიერება და მესამე და მთავარი - დაიწყო სოციალური პროგრამების განხორციელება, შესაძლოა, გარკვეულწილად, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლის ხარჯზე, მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი გადარჩა სიკვდილს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მან წინა ხელისუფლებისგან მიღებულ მძიმე მემკვიდრეობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მილიონზე მეტი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, უამრავი ადამიანი კი სასიკვდილო სარეცელზე. არავითარი რესურსი იმისა, რომ თავი გადაირჩნოს, ასევე იპოთეკით დაზარალებული ადამიანების მთელი არმია, დაკარგული ტერიტორიები და ამ ვითარებაში, როცა მოახდენ მობილიზებას, მცირე პროექცია ამ ვითარებასაც შეგვიძლია ვუწოდოთ, რასაც ჰქვია პანდემიასთან ბრძოლა, ვფიქრობ, რომ პოზიტიურად უნდა შეფასდეს „ქართული ოცნების“ მოღვაწეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.