22-04-2020
უკრაინაში ქვები ესროლეს ავტობუსებს, რომლებშიც კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები იმყოფებოდნენ. ავტობუსებში უკრაინის 45 მოქალაქე და 27 უცხოელი, მათ შორის ბავშვები, ასევე რამდენიმე ექიმი იმყოფებოდა. უკრაინულ ტელეკომპანია ჰრომადსკოეს ცნობით, ყველა მათგანი გამოკვლეული იყო და კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
თვითმფრინავების დაშვების და მომავალი კარანტინის ადგილი წინასწარ არ იყო ცნობილი. თვითმფრინავის ჩამოფრენამდე ერთი დღით ადრე უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, რომ არ სურდათ პოტენციურად ინფიცირებულები თავიანთ დასახლებებში მიეღოთ. ლვოვის ოლქის ქალაქ ვინიკიში, დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა ადგილობრივი საავადმყოფოს ბლოკირება მოახდინა.
ადგილობრივებმა ასევე გადაკეტეს გზა პოლტავას ოლქის სოფელ ნოვიე სანჟარიში, სადაც ევაკუირებულები საბოლოოდ კარანტინისთვის მიიყვანეს.
დემონსტრანტებმა დიდი ხეებისგან შუაგზაზე ცეცხლი დაანთეს და შეეცადნენ არ გაეტარებინათ ავტობუსები ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის შესასვლელთან, სადაც ჩამოსულები უნდა განეთავსებინათ.
რამდენიმე ავტობუსში ქვებით მინები ჩაამსხვრიეს. პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც, სავარაუდოდ, ქვები ისროლა.