გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ng.ru“(რუსეთი): გიორგი კვირიკაშვილის წერილში ერთმანეთის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების დაწყების სურვილი ჩანს

21-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წერილს რუსული გამოცემა «Независимая газета»სარედაქციო წერილით ეხმაურება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინა დღეებში კრემლმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ორი წერილი მიიღო. ორივეში მონიშნულია გარკვეული მიმართულებები, რომლებიც, აშკარაა, რუსეთის ლიდერის განსაკუთრებული ყურადღებას მოითხოვს.


ერთ-ერთი წერილთაგანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაა. რასაკვირველია, ეს არ არის მოწოდება აგვისტოს ომისა და მტრობის დავიწყების თაობაზე, მაგრამ მასში ჩანს ერთმანეთის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების დაწყების სურვილი, მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის სახელით. სხვათა შორის, წერილის გამო ოპოზიციამ - ყოფილმა ხელისუფლებამ, რომელიც მოსკოვმა რუსოფობიაში ამხილა, ამჟამინდელი ხელისუფლება „ღალატში“ დაადანაშაულა, რომელიც მოსკოვის მიმართ შედარებით ლოიალობას იჩენს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი, რომელიც კომპლიმენტარული სტილითაა დაწერილი, რეალურად საქართველოს ხელისუფლებისათვის კი არ აღმოჩნდა სასარგებლო, არამედ იმ პოლიტიკური ბანაკისათვის, რომელმაც, როგორც რუსული მხარე თვლის, საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა გაწყვეტის პირამდე მიიყვანა. ამასთან, მოსკოვს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მანევრისათვის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ვიდრე თბილისს. მაგალითად, სიმეტრიული პასუხი იქნებოდა უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელიც ქართული მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისათვის დიდი ხანია მოქმედებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარმა საქართველოს პრემიერის მოწოდებაზე ქართულ ოპოზიციას საბაბი მისცა ხელისუფლება კრემლის წინაშე უაზრო და დამამცირებელ მუხლისმოდრეკაში დაედანაშაულებინა. ალბათ, ამის შემდეგ საქართველოს მთავრობას დიდი ხნის განმავლობაში აღარ ექნება სურვილი კრემლის მისამართით კიდევ რაიმე დაწეროს.


მეორე მესიჯი კოლექტიურად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც კრემლმა ცენტრალური აზიიდან მიიღო: ამ დღეებში ასტანაში ადგილობრივი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი გაიმართა, სადაც ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით გამოცხადდა: პირველი - რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არაა მიმართული; მეორე - რეგიონის ყველა ქვეყანა გააგრძელებნ და გააფართოვებენ თანამშრომლობას რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, ასევე ალიანსებთან და მესამე - რეგიონის ქვეყნები ამიერიდან თვითონ მოაგვარებენ ცენტრალური აზიის პრობლემებს, სხვა არარეგიონული სახელმწიფოების ჩარევის გარეშე, გინდაც ის რუსეთი იყოს, გინდაც ამერიკა ან ჩინეთი. (...)


მოსკოვმა, რომელიც ცენტრალურ აზიას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების ზონად თვლის და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა აკისრია რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, უეჭველია, ეს სიგნალი უნდა გაითვალისწინოს. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ასეთი განწყობები ცენტრალურ აზიაში იმ დროს გამოიკვეთა, როცა რუსეთს საკმაოდ მძიმე დღეები უდგას დასავლეთის ძლიერი ზეწოლის შედეგად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930