24-04-2020
„მთავრობასა და პარლამენტს შორის მთელი ეს პერიოდი იყო კარგი თანამშრომლობა კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით, პარლამენტი აქტიურად იყო ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, საკანონმდებლო უზრუნველყოფაში, ასევე, ეკონომიკური და სოციალური დახმარების გეგმის შემუშავებაში“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების პარლამენტების მსგავსად, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდეა შემცირებული პლენარული და საკომიტეტო სხდომების რაოდენობა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად იყო ჩართული როგორც საკოორდინაციო მუშაობაში, ასევე, ეკონომიკური და სოციალური დახმარების გეგმის შემუშავებაში.
„დეპუტატები, მაჟორიტარები ძალიან აქტიურად, დღემდე ჩართულნი რჩებიან ადამიანების, ჩვენი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური დახმარების ორგანიზების პროცესში. ჩავატარეთ ძალიან ბევრი ონლაინ შეხვედრა და ვიდეო კონფერენცია სხვადასხვა საკითხებზე. დავიწყეთ ქალთა და გენდერული შეფასების გაკეთება ეკონომიკური ზიანის კუთხით, ნ ასევე გვქონდა კოლეგებთან ძლიან აქტიური ონლაინ შეხვედრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რეგიონში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობლებთან. ჩავატარეთ ის აუცილებელი პლენარული სხდომები და კომიტეტები, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებების მიღება იყო გარდაუვალი.
პარლამენტი ძალიან აქტიურად აგრძელებს მუშაობას და მუშაობს იმისთვის., რომ საგანგებო მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ და დავუბრუნდეთ ნორმალურ სოციალურ და ეკონომიკურ ფუნქციონირებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.