24-04-2020
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად დარჩება და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნაზე და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და ეს წესები არის გლობალური, ეს არ არის ის წესები, რომელსაც მარტო საქართველოში უნდა მივყვეთ და დავიცვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა და ხელთათმანები - ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.
„სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კორონა ვირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის რომ დღემდე გლობალურად მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ უნდა ებრძოლოს ამ ვირუსს. გარდა სოციალური დისტანციისა, პირბადისა, მობილობის შემცირებისა და ა.შ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს ყველას ერთად ცხოვრება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება, როგორც ჩანს რაღაც პერიოდი - პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები - ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, იურიდიული პირების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვა.
„ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინონ, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება, იმ ღონისძიებების გატარების გარეშე და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები გვაძლევენ. იქ სადაც შესაძლებელია, როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ, ვერანაირ ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.