25-04-2020
როდესაც ვადარებთ საქართველოს მონაცემებს COVID 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან, ვხედავთ საკმაოდ იმედისმომცემ ციფრებს, ამას თავისი ახსნა აქვს და ახსნის ძირითადი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 იანვარს შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, 26 თებერვალს ქვეყანას ყავდა პირველი ინფიცირებული და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გამოცხადდა 21 მარტს.
„საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა ჯერ კიდევ 28 იანვარს. თუმცა პირველი ინფიცირებული ჩვენ გვყავდა 26 თებერვალს. ამას თავისი კონკრეტული შედეგი მოყვა და ხანდახან, როდესაც ვადარებთ საქართველოს მონაცემებს COVID 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან, ვხედავთ საკმაოდ იმედისმომცემ ციფრებს. ამას თავისი ახსნა აქვს და ახსნის ძირითადი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ეს ყველაფერი. 28 იანვარს შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, 26 თებერვალს გვყავდა პირველი ინფიცირებული და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გამოცხადდა 21 მარტს. ამ პერიოდში ეს საბჭო იყო შექმნილი იმისთვის, რომ, ყოველდღიურად ვიკრიბებოდით და ვდგამდით იმ ნაბიჯებს, რომელიც იყო საჭირო პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე გამოვლინდა საბჭოს მუშაობის ორი ძირითადი მიმართულება - მოქალაქეების ჯანმრთელობა და საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა.
„მაშინვე, იმ ეტაპზე გამოვლინდა საბჭოს მუშაობის ორი ძირითადი მიმართულება, ორი ძირითადი ფრონტის ხაზი, რომელზეც მოგვიწევდა ბრძოლა - ჯანმრთელობა, მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა და საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა. ეს პირველივე დღიდან იყო ჩვენთვის გასაგები და დასანახი და შემდგომ, ყოველდღიურად, მას შემდგომ, რაც პანდემია ხდებოდა სულ უფრო გლობალური, ეს ნათელი გახდა ყველასთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.