25-04-2020
საქართველო ერთ-ერთი პირველია, ვისთანაც დონორების მხრიდან ხელშეკრულებები დაიდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას.
მან ისაუბრა იმ ფაქტორებზე თუ რამ განაპირობა ასეთი შედეგის მიღწევა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი საქართველოს მიერ ბოლო წლებში გატარებული პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკაა.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვისთანაც ხელშეკრულებები დაიდება და ვიქნებით ერთ-ერთი მსხვილი მიმღები, იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც ვედრებით და მეტ-ნაკლებად შესადარისია ჩვენი ეკონომიკა და მდებარეობა. რამ განაპირობა ეს და სად არის ამის გასაღები? პირველ რიგში იმან, რომ ბოლო რამდნიმე წელია, ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა იყო უკიდურესად პასუხიმგებლიანი. ამას გეუბნებით სრული პასუხიმგებლობით და ეს არაერთხელ აღნიშნა როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ისე სხვა ორგანიზაციებმა. ის, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჰქონდა აქტიური პროგრამა, ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი. ამ პროგრამას წელს აპრილში გასდიოდა ვადა და ჩვენ შეგვეძლო აგვეღო პაუზა ერთი ან ორი წელით, რადგან ეს პროგრამა თავის გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, თუმცა ჩვენ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება პროგრამის ერთი წლით გადავადებაზე. იმიტომ, რომ ეს პროგრამა აქტიურია, დღეს, გაცილებით სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა, სხვა დონორმა ორგანიზაციებმა თანხების გამოყოფის შესახებ. პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება სრულდება, ქვეყანაში ხორციელდება რეფორმები, კონტროლდება დეფიციტი და ხარჯები. შესაბამისად გვენდნენ. ის ქვეყნები, სადაც ეს პროგრამა არ არსებობს, სადაც არანაკლებად გაუჭირდათ ვიდრე საქართველოში, გაივლიან გაცილებით გრძელ გზას, სანამ მივლენ იმ თანხებამდე,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, თანხების გადმორიცხვა ეტაპობრივად მოხდება.
„პირველ ტრანშს მსოფლიო ბანკისგან ველოდებით, ასევე, თანხები გადმოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, აზიის განვითარების ბანკიდან, ეს იქნება შემდეგი 2-3 თვის მანძილზე. შემდეგ მას დაემატება საფრანგეთის განვითარების სააგენტო, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც როგორც წესი, უფრო აქტიურია კერძო სექტორში, თუმცა ასევე თანამშრომლობს სახელმწიფოსთანაც. თავად ევროკავშირი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო და რომელსაც საკმაოდ სოლიდური საგრანტო კომპონენტიც აქვს, ამიტომ ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია. ჩვენ ველოდებით, რომ 1,5 მილიარდის მობილიზაცია მოხდება კერძო სექტორში. აქედან, ლომის წილი 1,1 მილიარდი ბანკებში მიიმართება და მათ ლიკვიდურობას მოხმარდება, ასევე ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ე.წ რეალურ სექტორშიც მოხვდება და დახმარება კონკრეტულ კომპანიებს გაეწევა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.