25-04-2020
დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მმართველი გუნდის წევრები და ადგილობრივები სისხლს უანგაროდ გასცემენ. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღო და სისხლი უანგაროდ გასცა მუნიციპალიტეტის მერმა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე აქტივობა მაღალი იყო.
“სისხლის დონაცია და სხვა ადამიანის დახმარება არის ძალიან ჰუმანური ნაბიჯი. “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი შეუერთდა ამ აქციას. ამ დრომდე 33 -მდე პირმა მიიღო მონაწილეობა და იმის ფონზე, რომ გადაადგილება შეზღუდულია, სოფლებიდან ადამიანებმა ამოსვლა ვერ შეძლეს და მხოლოდ ქალაქში მაცხობრებლები შეუერთდნენ აქციას და, მიუხედავად ამისა, აქტივობა მაინც მაღალია”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
„ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, რითაც გვსურს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენი წვლილი შევიტანით. ყველას მოვუწოდებ, გავერთიანდეთ და გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა“, – განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა.
„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ადიგენის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქცია მერიის შენობაში გაიმართა. სისხლის ასაღებად მივიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე. ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება. დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” ნინოწმინდის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, კასპის, თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.