25-04-2020
დღის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 16 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 112 პაციენტი. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, სამი მათგანის მდგომარეობა ისევ მძიმეა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. 44 პაციენტი გვყავს მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი, გართულებები არც ერთს აქვს. გაგზავნილი პასუხებიდან ყველა უარყოფითია, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. დღის განმავლობაში კლინიკას 16 პაციენტი დატოვებს“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.