25-04-2020
სახელმწიფო ამბობს, რომ მე იმ მინიმუმით გეხმარები, რა შესაძლებლობაც ჩემს ეკონომიკას აქვს და გეხმარები იმ ვადაში, რა ვადაშიც ჩემი გათვლებით ჩვენ ეკონომიკური და სამუშაო ადგილების აღდგენა უნდა დაგვეწყოს, მაგრამ ესაა დღევანდელი მოცემულობით,-ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოსტკრიზისულ გეგმას და 6 თვიანი დახმარების ვადის შესაძლო გაგრძელებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება -სოციალურად იზრუნოს თავის მოქალაქეებზე აქვს მუდმივად და ვერანაირი კრიზისი ამ ვალდებულებას ვერ გააუქმებს, ეს ფუნდამენტური, საბაზისო პირობაა, თუმცა, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, 6 თვე არის დღეს შესაძლებელი პროგნოზის მაქსიმალური ზღვარი და იმის იქით რაიმე პროგნოზის გაკეთება იქნებოდა არასერიოზული, პოპულისტური და უპასუხისმგებლო.
„ადამიანმა, რომელმაც დაკარგა ფინანსური შემოსავალი, შეიძლება ეს ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე 1200 ლარი, ამაში დარწმუნებული ვარ, თან 6 თვეში, მაგრამ სახელმწიფო ამბობს, რომ მე იმ მინიმუმით გეხმარები, რა შესაძლებლობაც ჩემს ეკონომიკას აქვს და გეხმარები იმ ვადაში, რა ვადაშიც ჩემი გათვლებით ჩვენ ეკონომიკური და სამუშაო ადგილების აღდგენა უნდა დაგვეწყოს, მაგრამ ესაა დღევანდელი მოცემულობით. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მზა რეცეპტი წარმატების გარანტიის მატარებელი ამ კრიზისიდან გამოსვლისა, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, ყველას აქვს თავისი სპეციფიური სუბიექტური მდგომარეობა. ყველა როგორც შეუძლია კონკრეტული გამოწვევებიდან და მისი საზოგადოების სოციალური სტრუქტურიდან, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე დგამს ნაბიჯებს, ამიტომ აქ მზა რეცეპტები და აკადემიური ქმედებების ან მენეჯმენტის შესაძლებლობები არ არსებობს. ვართ ექსტრემალურ მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ზრუნვის სახით თითოეულ მოქალაქეს და სოციალურ ჯგუფს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, ვეხმარებით მინიმუმით, არ შევდივართ დეტალებში, ამის დრო არ არის, მაგრამ ვეხმარებით სამართლიანად, რომ დავფაროთ შესაძლებლად ყველა ფენა, ამასთან, ვეხმარებით კრიზისულ ეტაპზე მეწარმეებს, რომ შეინარჩუნონ სამუშო ადგილები. ბიზნესის განვითარებაზე, ახალი ბაზრების გახსნაზე და ახალი პროდუქტების გამოტანაზე ჯერ არ ვსაუბრობთ და ვერ ვისაუბრებთ, არასერიოზული იქნება. ვეხმარებით, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ გადარჩნენ. ვამბობთ, რომ ვებრძვით ეპიდემიას და იმედი გავქვს, რომ 6 თვეში შევძლებთ ეკონომიკური სრული აღდგენის ეტაპზე გადავიდეთ, რასაც ვუწოდებთ ეკონომიკური აღორძინების პროგრამას, რომელსაც ცალკე დაფინანსება დასჭირდება. იმ ეკონომიკური აღდგენის პროგრამისთვის ფინანსური რესურსი ცალკე გვექნება მოსაძიებელი. იქ სულ სხვა ეკონომიკური გათვლები და გეგმა იქნება. ამიტომ ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას 6 თვის მერე რას ვშვებით, ამ ხნის შემდეგ ჩვენ მინიმუმ დაბრუნებულები უნდა ვიყოთ 2020 წლის დასაწყისის ნიშნულის ნახევარზე მაინც, სადღაც იქ უნდა ვიყოთ. ყველა იმ ნაბიჯში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ შეზღუდვების შემსუბუქებას, ან ეკონომიკის გახსნას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: პირველი - ყველა გადაწყვეტილება ეტაპიდან ეტაპზე გადასვლაზე მიიღება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასების შემდგომ. მეორე - ყველა ეტაპიდან სწრაფი უკან გადახვევის რესურსი უნდა არსებობდეს, მესამე - ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღება ასეთივე გაფართოებული მსჯელობის შედეგად. ეს ის აუცილებელი პირობებია, რომლის გარეშეც საერთოდ ყველანაირ გახსნაზე საუბარი არის უკიდურესად რისკის შემცველი. უნდ ავიყოთ იმდენად ფრთხილები, რამდენადაც შესაძლებელია. სხვანაირად ყველა იმ მეტნაკლებად პოზიტიურ შედეგს, რომელიც დღემდე გვაქვს, წყალს გავატანთ და ამის ფასი გახდება ნული,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ სახლში და შემდგომ მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა.
„გვესმის, რომ უდიდესი დისკომფორტის მომტანია ეს შეზღუდვები მოქალაქისთვის, ისიც გვესმის, რომ მათ შეეცვალათ ყოველდღიური ცხოვრების წესი, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯებია, ამიტომ ვუხდი მე მადლობას პირველ რიგში იმ ადამიანს, რომელიც სახლში დარჩა და ეს წესები შეასრულა და მერე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, რადგან თვითონ ეს ფაქტი წესების შესრულების არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. სხვანაირად შემდგომ ეტაპებზე გადასვლა, ან ეკონომიკის აღორძინებაზე საუბარი წარმოუდგენელია, შეუძლებელი იქნება. 6 თვეც აქედან გამომდინარეობს და ესაა მდგრადობისა და დღეს შესაძლებელი პროგნოზის მაქსიმალური ზღვარი. იმის იქით რაიმე პროგნოზის გაკეთება იქნებოდა არასერიოზული, პოპულისტური, უპასუხისმგებლო,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.