25-04-2020
მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური; ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი და ეს გამოწვევაც იყო ობიექტური, თუმცა პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, იყო 2-3 დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა ასცდა 300 ათასს და ამ ნაკადის მენეჯმენტი შეუძლებელი იყო.
„144, როგორც ინსტრუმენტი და იდეა მოქალაქისა და მთავრობის პირდაპირი კავშირისთვის, გპირდებით, იარსებებს, განვითარდება და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომაც. როდესაც ამ პანდემიასაც დავძლევთ, ეკონომიკურ აღორძინებაზეც გადავალთ და როდესაც მოქალაქეს უბრალოდ დასჭირდება ხელისუფლების და მთავრობის დახმარებამ აკრეფს 144-ს. თუმცა იმაზე, რაც ცხელ ხაზთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა, კრიტიკა და შენიშვნები მისაღებია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.