27-04-2020
დღეს ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება Covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და მინდა, მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებასთან - დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეიდან შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. აგრეთვე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა, როგორც საბითუმო, ისე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ეს სერვისი, თუ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და ასევე შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულწილად მსუბუქდება შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც Covid 19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოიყენონ და ყველამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური სიფრთხილე, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით.
„შეზღუდვების ეს შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ჩვენ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გვაქვს დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ასევე, იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს დიდ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის შეზღუდვა, რაც გულისხმობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვას. თუმცა, დავუშვით გამონაკლისი და დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება და, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ დაბრუნება რეგისტრაციის მისამართებზე ნებისმიერ დროს და ეს შეზღუდვა, ისე, როგორც აქამდე განაგრძობს მოქმედებას,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მთავრობის მიერ წარდგენილი ეტაპობრივი გეგმა დაჩქარებით იქნას მიღებული, ან პირიქით, შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდეს.
„საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა იყო თანმიმდევრული და მას რამდენიმე ეტაპი გააჩნდა. გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა, ხაზგასმით ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ჩვენ შესაძლებელია მოგვიწიოს, როგორც ამ გეგმის დაჩქარებით მიღება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, რომ მათ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და წრეს,“ - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.