გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„Compendium of Cultural Policies & Trends“ საქართველოში ონლაინ რეჟიმში განხორციელებულ კულტურულ პროექტებს დადებითად აფასებს

27-04-2020

ევროპის საბჭოს მიერ დაარსებულმა ასოციაციამ „Compendium of Cultural Policies & Trends“  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ონლაინ რეჟიმში შეთავაზებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

"კომპენდიუმის" ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისთვის, დისტაციურ რეჟიმში შეთავაზებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები.

"მიუხედავად არსებული ვითარებისა, სამინისტრომ შეინარჩუნა და გაახანგრძლივა 16-მდე ღია კონკურსის ვადა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური ხელოვანების მხარდაჭერას" - ნათქვამია სტატიაში.

ასოციაციის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სახელოვნებო დაწესებულებებმა დაიწყეს მასობრივი ონლაინ კამპანია #დარჩისახლში #კულტურაშენთვის ##stayathome #cultureforyou,, რაც კულტურულ სერვისებზე დისტანციურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კამპანიას შეუერთდა სამინისტროში შემავალი 24 ორგანიზაცია (მუზეუმების, თეატრების, ანსამბლებისა და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციების ჩათვლით).

ანგარიშში ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია სამინისტროს მიერ შექმნილი კულტურული ღონისძიებების კალენდრის შესახებ, რომელიც აქტიურად ვრცელდება როგორც სამინისტროს, ასევე სახელოვნებო ორგანიზაციების სოციალური მედიის გვერდებზე ჰაშთაგით ##stayathome და #cultureforyou. ხაზგასმულია, რომ ზემოხსენებულმა ინიციატივამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, ერთ ფოლკლორულ კონცერტს 50 000 ონლაინ მაყურებელი ჰყავდა. ქართული თეატრების ონლაინ სპექტაკლებმა კი მოწონება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. წარმატებით ჩაიარა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ქართველი რეჟისორების ონლაინ კინოჩვენებებმა და მწერალთა სახლის პროექტმა, რომელიც მწერლებთან გამართული შეხვედრების ჩანაწერების, მათი ნაშრომების ონლაინ განთავსებას გულისხმობდა.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული აქტივობები, რომლებიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ჩატარდა: მუზეუმების მიერ შეთავაზებული ვირტუალური ტურები ხელოვნების ნიმუშებისა და მუზეუმების შესახებ, მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები ონლაინ ფორმატში, ეროვნული მუზეუმის სატელევიზიო პროექტი "ექსპონატების მიერ მოყოლილი ისტორია" და ხელოვნების სასახლის პროგრამების ციკლი "საქართველოს ისტორია"; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 3D ვერსიით წვდომა და აღდგენილი კულტურული ადგილების ვიდეორგოლები.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ. აქტიურად მიმდინარეობს 30-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი პროცედურები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, დაგეგმილია 60-მდე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ამ დარგის უდიდესი დონორის ფონდ "ქართუს" მიერ.
ანგარიშის მიხედვით, 30 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პირველ არხთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი "ტელე-სკოლა". პროექტი საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, ინტერნეტით სარგებლობის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა საგანში მოისმინონ საინტერესო გაკვეთილები, მათ შორის, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკაში.


Compendium of Cultural Policies and Trends in Europe ევროსაბჭოს კულტურის მმართველი კომიტეტის ინიციატივით დაარსდა და წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციისა და მონიტორინგის ევროპულ პლატფორმას, რომელიც ცდილობს კულტურის პოლიტიკის სტანდარტების შექმნასა და განახლებას, ცოდნის, სტატისტიკის, შედარებითი ანალიზისა და რესურსების მობილიზების უზრუნველყოფის გზით.

ევროპის საბჭო პლატფორმაზე Compendium of Cultural Policies & Trends პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თითოეული ქვეყნის კულტურის პოლიტიკის შესახებ.

წყარო: https://www.culturalpolicies.net/covid-19/georgia/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930