27-04-2020
„პრაქტიკულად, ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც იმ პერიოდში მართავდა სახელმწიფოს, მმართველობის სისტემაში ღებულობდა მონაწილეობა და დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა. როგორი კუთხითაც არ უნდა ეცადონ დაგვანახონ მდგომარეობა, ფაქტია რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით, ან თუნდაც გავიხსენოთ განზრახ მოკლული ადამიანები, ან სტრასბურგის სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით რა მოხდა ციხეში, რა მოხდა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა მიმართ, იყო თუ არა წამება ამ სახელმწიფოში როგორც მართვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი რეალობაში ხდებოდა და დღეს ამ დანაშაულებრივი მმართველობის სისტემის პოლიტიკურ ასპექტში გადაყვანა, რასაკვირველია, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავისი პოზიციები გააძლიერონ დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზზე.
„პირდაპირ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გატარებული უნდა ყოფილიყო ისეთივე ზომები, როგორიც ვთქვათ, ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, ძალადობაზე მაქვს ზოგადად საუბარი. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს, არ აქვს იმ პერიოდთან ემოციური კავშირი, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში. გარკვეულწილად, ამ ისტორიულ გაკვეთილს, ვფიქრობ, ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, რომლებსაც არ უნდა დარჩეთ ეჭვი იმ პოზიციაში და იმ სიმართლეში, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.
ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მხარს უჭერს მიშა სააკაშვილს კლასტერს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.